გერმანია უკრაინელი ლტოლვილების მიღებაზე ზედა ზღვრის დაწესებას არ აპირებს

გერმანიის ტრანსპორტის მინისტრი ფოლკერ ვისინგი აცხადებს, რომ ბერლინი უკრაინელი ლტოლვილების მიღებაზე რაოდენობრივ შეზღუდვას არ დააწესებს.

„გერმანია უკრაინელ ლტოლვილებს ვერ და არ გააბრუნებს“, - განაცხადა ვისინგმა, რომელიც ლიბერალური თავისუფალი დემოკრატების (FDP) რიგებიდანაა.

მინისტრის თქმით, ბერლინი ყველაფერს აკეთებს მიგრანტების პოლონეთიდან გერმანიაში უსაფრთხოდ გადმოსაყვანად.

მიგრანტების მიღება-დაბინავების ცენტრები ჰანოვერში, კოტბუსსა და ბერლინშია გახსნილი.

24 თებერვალს რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა მიგრანტმა დატოვა.

ყველაზე მეტი ლტოლვილი მეზობელ პოლონეთში გადადის. ვარშავას ყოველდღიურად 120 000-ზე მეტი მიგრანტის მიღება უწევს.

გერმანიის პოლიციის გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ჯამში გერმანიამ 320 000 უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.

გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ სამიდან ორი გერმანელი უკრაინელი ლტოლვილების დახმარების პროგრამაშია ჩართული, ან იცნობს პირს, ვინც ომის დევნილებს ეხმარება.

 

მსგავსი სიახლეები