გერმანიის პრეზიდენტმა ყაზახეთში სახელმწიფო ვიზიტი დაიწყო
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ყაზახეთს ეწვია. ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი მას ქვეყნის დედაქალაქ ასტანაში სამხედრო პატივით 20 ივნისს შეხვდა.
მოლაპარაკებებისა და პრესკონფერენციის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერი გერმანია-ყაზახეთის ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
გერმანიის პრეზიდენტის აპარატის ცნობით, შტაინმაიერს ყაზახეთში ვიზიტით სურს ხაზი გაუსვას ამ რეგიონის დიდ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ მნიშვნელობას, რომელიც უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ მხოლოდ გაიზარდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანიას ყაზახეთთან პარტნიორობა სურს, გარდა ამისა, ბერლინს აქვს მზარდი სტრატეგიული ინტერესი ცენტრალურ აზიასთან კავშირების გაფართოებაში, რადგან გერმანიას სურს უფრო აქტიურად პოზიციონირდეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპარეზზე.
ყაზახეთში გერმანიას ეკონომიკური ინტერესები, პირველ რიგში, ნავთობისა და გაზის დიდი მარაგების გამო აქვს. გერმანიაში, ბრანდემბურგში მდებარე PCK-ს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ყაზახურ ნავთობს ამუშავებს, რადგან გერმანიამ რუსეთიდან ნავთობის შესყიდვა შეწყვიტა.
შტაინმაიერის ვიზიტის ფარგლებში უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ქარხანა ყაზახეთიდან 2024 წლის ბოლომდე, ყოველთვიურად 100 000 ტონა ნედლ ნავთობს მიიღებს. ეს ქარხნის სიმძლავრეს გრძელვადიან პერსპექტივაში 10%-ით გაზრდის.
გერმანია ასევე დაინტერესებულია ყაზახური იშვიათი ლითონებით, რომელსაც ამჟამად ჩინეთისგან ყიდულობს.