გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლო Die Heimat-ს სახელმწიფო დაფინანსებას უწყვეტს
გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ულტრამემარჯვენე „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - Die Heimat“ მომავალი 6 წლის განმავლობაში სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებს, რადგან პოლიტიკური გაერთიანების მისწრაფებები არაკონსტიტუციურია და მიზნად დემოკრატიული ღირებულებების შელახვას ისახავს.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფომ პარტიის ფინანსური დახმარება, მისი აკრძალვის გარეშე, შეწყვიტა.
შესაძლებელია ითქვას, რომ დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება, სხვა ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკური პარტიისთვის/პარტიებისთვის, რომლებიც რადიკალური მისწრაფებებით გამოირჩევნიან, ერთგვარ გაფრთხილებას შეიცავს.
გერმანიის მთავრობამ, პარლამენტის ზედა და ქვედა პალატამ, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. მათ წარმოადგინეს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ აღნიშნული გაერთიანება რასისტული ორგანიზაციაა.
”დიახ, ეს არ არის სასიამოვნო ჩვენთვის, მაგრამ ვინც ფიქრობს, რომ ეს თამაშიდან გაგვაგდებს და შეგვაჩერებს, ძალიან ცდება“, - ფრანკ ფრანცი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი.
გერმანიის პოლიტიკური პარტიები ფინანსურ დახმარებას ძირითადად სახელმწიფო, ეროვნულ და ევროპულ პარლამენტში არსებული წარმომადგენლობის საფუძველზე იღებენ.
„Die Heimat-ს“ სახელმწიფოსგან დაფინანსება 2021 წლის შემდეგ არ მიუღია. მან 2016 წელს დაახლოებით 370 600 ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო, როდესაც მეკლენბურგ-დასავლეთ პომერანიის არჩევნებში ამომრჩეველთა 3.02% მოიპოვა.
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - Die Heimat“ 1964 წელს შეიქმნა. ანტი-ისლამური, ანტი-სემიტური, ჰომოფობიური, რასისტული, ექსტრემისტული, ეთნო-ნაციონალისტური და რევანშისტური მქონე იდეოლოგიის პოლიტიკური გაერთიანება მხარს ე.წ. „ეროვნულ-ჰომოგენური საზოგადოების“ ჩამოყალიბებას უჭერს.