გერმანიის შსს: უკრაინიდან გამოქცეულ ყველა ადამიანს მივიღებთ, მოქალაქეობას არ აქვს მნიშვნელობა
გერმანიის შინაგანთ საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის განცხადებით, მისი ქვეყანა ყველა იმ ადამიანს მიიღებს, რომლებსაც რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ უკრაინის დატოვება მოუწევს. მან ასევე განმარტა, რომ მოქალაქეობას მნიშვნელობა არ მიენიჭება.
"ჩვენ გვსურს, რომ ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ და ეს მათ პასპორტზე დამოკიდებული არ არის."- განაცხადა ფეზერმა.
მისი თქმით, უკრაინიდან გამოქცეულ ადამიანებს თავშესაფრის მიღებისთვის, სტანდარტული პროცედურის გავლა არ მოუწევთ.
არსებული ინფორმაციით, უცხოელი მოქალაქეების შემთხვევაში, უკრაინაში გაცემული ბინადრობის მოწმობის წარდგენაც საკმარისი იქნება, პროცედურების გარეშე გერმანიაში თავშესაფრის მისაღებად.