გორდონი: ზელენსკის ვთხოვ უსწრაფესად უზრუნველყოს სააკაშვილის გათავისუფლება
ინტერნეტ-გამოცემა "გორდონის" დამფუძნებელმა დიმიტრი გორდონმა ვიდეო-მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა ყველაფერი გააკეთოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად.
"მიხეილ სააკაშვილმა უზარმაზარი როლი ითამაშა იმაში, რომ უკრაინა ყოფილიყო დემოკრატიული სახელმწიფო. მე გულწრფელად ვაფასებ ამ ადამიანს, მე მიყვარს ის და ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ვთხოვ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ იმოქმედოს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს გასათავისუფლებლად." - განაცხადა გორდონმა.
ბოლო წლებში სააკაშვილი უკრაინაში ცხოვრობდა და უკრაინის მოქალაქეც არის.
სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ცხრა წლის განმავლობაში, ორი ვადით ეკავა. 2013 წელს, მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ “ნაციონალური მოძრაობამ” არჩევნები წააგო და მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა დასრულდა, სააკაშვილმა დატოვა ქვეყანა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა.
ამ წლების განმავლობაში ის ცხოვრობდა ევროპასა და შეერთებულ შტატებში, შემდეგ კი დასახლდა უკრაინაში, სადაც ჯერ ექს-პრეზიდენტ პოროშენკოს გუნდის წევრი და ოდესის გუბერნატორი იყო, შემდეგ კი პოროშენკოს ოპოზიციაში გადავიდა.