გრემი რუსეთის ენერგეტიკული და საბანკო სექტორის "ჯოჯოხეთურ" სანქციებს აანონსებს

სამხრეთ კაროლინას სენატორი რუსეთის ენერგეტიკული და საბანკო სექტორის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ინიციატივას აანონსებს.
ამის შესახებ ლინდსი გრემმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"მომდევნო კვირას კონგრესში დავარეგისტრირებ ინიციატივას რუსეთის საბანკო და ენერგეტიკული სექტორისთვის სანქციების დაწესების შესახებ. ამის მიზანია ვაიძულოთ რუსეთი დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. თუ კი ისინი უარს იტყვიან ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ჩვენ მათ ჯოჯოხეთური სანქციები უნდა დავუწესოთ"- ამბობს რესპუბლიკელი სენატორი.
ამავე ინტერვიუში გრემმა უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო დახმარების დაპაუზების საფრთხეებზე ისაუბრა - თუ კი ჩვენ შევწყვეტ უკრაინის დახმარებას, ეს ავღანეთზე უარესი იქნება, არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ამის სურვილი აქვს. სანამ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება მიღწეული უკრაინას მივცემდი ყველაფერს: სადაზვერვო ინფორმაციას და შეიარაღებას, რომელიც თავდაცვისთვის სჭირდებათ."
გრემის თქმით, გასულ კვირას ის ესაუბრა ტრამპის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცს - მისი თქმით, ადმინისტრაციის მიზანია, უკრაინაში მიმდინარე ომი ღირსეულად და სამართლიანად დასრულდეს.
კონტექსტი
გასულ დღეებში ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები და მათ შორის ამერიკელი პრეზიდენტი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრების შესაძლებლობაზე მიანიშნებდნენ.
7 მარტს საკუთარ სოციალურ ქსელ Thruth-ზე გამოქვეყნებულ პოსტში რუსეთს სანქციების დაწესებით ან გამკაცრებით ემუქრებოდა.
გამოცემა Axios თეთრ სახლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპის რიტორიკის ცვლილების მიზეზი შესაძლოა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე გახშირებული სარაკეტო თავდასხმები ყოფილიყო.
ამას წინ უძღოდა აშშ-ს ფინანსთან მდივნის სკოტ ბესენტის განცხადება, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის რუსეთისთვის უმკაცრესი სანქციების დაწესება განიხილოს, თუ კი ეს სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებისთვის იქნება საჭირო.
ამავდროულად, გასულ კვირებში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესის წარმატების შემხთვევაში მზად იქნება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გასაუქმებლად ან შესამსუბუქებლად.
გასულ დღეებში საინფორმაციო სააგენტო Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ თეთრმა სახლმა სახელმწიფო დეპარტამენტს და ფინანსთა სამინისტროს დაავალა შეისწავლოს თუ კონკრეტულად რა სანქციების გაუქმება იქნება შესაძლებელი. წყაროების ცნობით, საუბარია კონკრეტული ოლიგარქებისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებაზე.