გრემი: ტრამპის თანხმობით კონგრესი დაძრავს რუსეთის სანქცირების აქტს

სენატორ ლინდსი გრემის თქმით, პრეზიდენტ ტრამპის თანხმობის შემდეგ, უახლოეს მომავალში კონგრესი დაძრავს რუსეთის სანქცირების აქტს, რომელსაც 2-პარტიული მხარდაჭერა აქვს. 

ვითარების არსი: ამის შესახებ სამხრეთ კაროლინას რესპუბლიკელი სენატორი სოციალურ ქსელ X-ზე წერს - აქტი, რომელიც ლინდსმა დემოკრატ კოლეგასთან ერთად ივნისში წარადგინა რუსული ნავთობის მყიდველი ქვეყნებისთვის 100%-მდე საბაჟო ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს. 

  • "ძალიან მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპის თანხმობით კონგრესი უახლოეს მომავალში დაძრავს მყარი 2-პარტიული მხარდაჭერის მქონე აქტს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე სისხლისღვრის დასასრულებლად პრეზიდენს მეტ ბერკეტს მისცემს"- წერს გრემი. 

დაეწიე ამბავს: 16 ნოემბერს ჟურნალისტებთან ურთიერთობისას ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს სენატის მიერ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას და დასძინა, რომ შესაძლოა ამ სიას ირანიც დაემატოს. 

  • აღნიშნული აქტის მიღებას სენატი ივნისში დიდი შვიდეულის სამიტამდე ითხოვდა, თუმცა პროცესი პრეზიდენტ ტრამპის არაერთგვაროვანი პოზიციის გამო გაჭიანურდა. 

დიდი სურათი: სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ თიუნმა გასულ კვირებში განაცხადა, რომ სანქციების აქტის განხილვა ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ გაიმართებოდა - ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა კრემლის უკომპრომისო პოზიციის გამო გაუქმდა.

  • თიუნის თქმით, სენატის მიერ სანქციების ახალი პაკეტის მიღება ძლიერი სიგნალი იქნება ევროპელებისთვის, რომლებიც მისივე თქმით "ამერიკის ლიდერობას ელოდებიან."

კონტექსტი: სენატორ გრიმისა და მისი დემოკრატი კოლეგის, რიჩარდ ბლუმენტალის ინიციატივა, რომელსაც 80-ზე მეტი სენატორი უჭერს მხარს რუსეთის ნავთობის შემსყიდველებისთვის - ძირითადად ჩინეთისა და ინდოეთისთვის - 500%-მდე საბაჟო ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს. 

  • მოგვიანებით ტრამპის პოზიციის გამო საბაჟო ტარიფების ჭერი 100%-მდე შემცირდა. 

მსგავსი სიახლეები