ჰაბეკი: ბერლინმა სხვა ქვეყნებს უფლება უნდა მისცეს, უკრაინას Leopard-ები გადასცენ
გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა მხარი დაუჭირა პოლონეთის მიერ უკრაინისთვის Leopard-ის საბრძოლო ტანკების გადაცემას.
ამის შესახებ მან ხუთშაბათს ბერლინში განაცხადა, წერს Die Welt.
"არსებობს განსხვავება საკუთარ გადაწყვეტილებებსა და სხვების გადაწყვეტილების ხელის შეშლას შორის", - თქვა მან. "და, შესაბამისად, გერმანია არ უნდა გადაეღობოს გზაზე, როდესაც სხვა ქვეყნები გადაწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს გერმანიამ."
ოთხშაბათს პოლონეთმა გამოაცხადა, რომ, როგორც პარტნიორებთან კოალიციის ნაწილი, მზადაა უკრაინას Leopard-ის ძირითადი საბრძოლო ტანკები მიაწოდოს.
ვინაიდან Leopard გერმანული წარმოების ტანკია, შემდგომი ექსპორტისთვის საჭიროა გერმანიის ფედერალური მთავრობის ნებართვა.
ოფიციალური კიევი დაჟინებით მოითხოვს გერმანიისგან Leopard 2-ის მიწოდებას.
ბრიტანეთის მთავრობამ უკვე დაადასტურა, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდებას გეგმავს.
გერმანიის მთავრობის სპიკერმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ლონდონის გადაწყვეტილება უკრაინას ბრიტანული წარმოების Challenger 2-ის ტანკები გადასცეს, არ ცვლის გერმანიის მთავრობის პოზიციას. ოფიციალური ბერლინი ჯერჯერობით არ გეგმავს უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების გადაცემას.