ჰაიდაი: სევეროდონეცკის ‘აზოტის’ ქარხნიდან მშვიდობიანების ევაკუაცია ვერ ხერხდება

ლუჰანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი აცხადებს, რომ ქალაქ სევეროდონეცკში მდებარე ქარხანა აზოტიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ამჟამად შეუძლებელია.

ჰაიდაის განცხადებით, აზოტის ტერიტორიას 568 პირი აფარებს თავს, მათ შორის 38 ბავშვი.

„მათი გამოყვანა მხოლოდ ცეცხლის სრულად შეწყვეტის შემთხვევაში მოხერხდება“, - წერს ლუჰანსკის ადმინისტრაციის უფროსი.

მისი თქმით, ევაკუაციის საბრძოლო მოქმედებების დროს დაწყების შემთხვევაში მშვიდობიანების „99 პროცენტი“ დაიღუპება.

ჰაიდაიმ ასევე განაცხადა, რომ ქალაქი ალყაში მოქცეული არ არის და სხვა უკრაინულ პოზიციებთან მიმოსვლა ხერხდება.

სევეროდონეცკი, რომელსაც ბევრი მეორე მარიუპოლს უწოდებს, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ინტენსიური ბრძოლის კერად იქცა.

ოკუპანტები ქალაქის ცენტრს და მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, თუმცა დაკავებული ტერიტორიის შენარჩუნება სახმელეთო ძალის დეფიციტის გამო უჭირთ.

სევეროდონეცკი და მეზობელი ქალაქი ლისიჩანსკი ლუჰანსკის ობლასტში უკრაინული წინააღმდეგობის ბოლო ფორპოსტებად რჩება.

მსგავსი სიახლეები