ჰანიე თანამედროვე ბომბით მოკლეს, რომელიც თეირანში კონტრაბანდულად შეიტანეს - NYT
"ჰამასის" ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში დისტანციური მართვის ბომბით მოკლეს, რომელიც კონტრაბანდულად შეიტანეს საოჯახო სასტუმროში, სადაც ის ცხოვრობდა და არა რაკეტით, როგორც ეს მედიაში გავრცელდა.
ამის შესახებ The New York Times წერს.
სტატიის თანახმად, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შვიდ ოფიციალურ პირს ეყრდნობა, მათ შორის ორ ირანელს, ასაფეთქებელი მოწყობილობა ფარულად, დაახლოებით ორი თვის წინ შეიტანეს თეირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შენობაში.
ირანელი ოფიციალური პირები, რომლებიც გუშაგთა კორპუსის წევრები არიან, აცხადებენ, რომ დარტყმის სიზუსტე ჰგავდა დისტანციური მართვის ავტომატისას, რომელიც მოსადმა 2020 წელს გამოიყენა ირანელი ბირთვული მეცნიერის, მოჰსენ ფახრიზადეს მოსაკლავად.
ისრაელს ჰანიეს მკვლელობაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მას იერუსალიმს მიაწერენ.
გამოცემასთან საუბარში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ხუთი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ "ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებმა შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის სხვა მთავრობებს ოპერაციის დეტალები გააცნეს."
ჰანიე თეირანში სამშაბათს, ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩავიდა. ოფიციალური პირები, რომლებსაც The New York Times ციტირებს, ამბობენ, რომ ბომბი, რომელმაც ჰანიე და მისი დაცვის წევრი მოკლა, დისტანციურად ააფეთქეს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ სასტუმრო გამოიყენება დასასვენებლად, ფარული შეხვედრებისთვის და ისეთი "გამოჩენილი სტუმრების დასაბინავებლად," როგორიცაა ჰანიე.
გამოცემასთან საუბარში ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ აფეთქებამ ფანჯრები ჩაამსხვრია და შენობის კედლის ნაწილი ჩამოინგრა, თავად შენობას მინიმალური ზიანი მიადგა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სარაკეტო დარტყმა ნაკლებად სავარაუდოა.
ისრაელმა პირობა დადო, რომ ჰანიეს და "ჰამასის" სხვა ლიდერებს მოკლავდა ტერორისტული დაჯგუფების მიერ 7 ოქტომბერს, ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რომლის დროსაც 1200 ადამიანი დაიღუპა და 251 მძევლად აიყვანეს.