ჰარცელი: საქართველოს ბევრი მეგობარი ქვეყანა სვამს კითხვას, სად მიდის საქართველო?
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ბევრი მეგობარი ქვეყანა სვამს კითხვას, სად მიდის საქართველო და რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ამის შესახებ მან 4 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა.
სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკოსები შეხვედრაზე განიხილავდნენ რამდენად შეასრულა ხელისუფლებამ 19 აპრილის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა განვიხილოთ 19 აპრილის შეთანხმება, თუ რა გაკეთდა ამ პერიოდში, იმის მიუხედავად, რომ დიდი დრო გავიდა, ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური დისკუსიაა, საჭიროა განვიხილოთ ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას.
საქართველოს ბევრი მეგობარი ქვეყანა სვამს კითხვას, სად მიდის საქართველო და რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, 19 აპრილის დოკუმენტი არის ევროკავშირში ინტეგრაციის გზამკვლევი, ეს არ არის ერთადერთი გზა, არამედ ერთ-ერთი. ძალიან ლეგიტიმური კითხვაა, თუ ეს გზა არა, მაშინ რომელი? იყო საკითხები, რომლებიც შესრულდა, რაც შეეხება შეუსრულებელ ნაწილს, მაგალითად მართლმსაჯულების რეფორმა, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვალდებულებები შესრულდეს", - თქვა კარლ ჰარცელმა.
2021 წლის 19 აპრილს ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ოპოზიციის პარლამენტში შესვლას, საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს ითვალისწინებდა.
28 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.