ჰილი: უკრაინაში პუტინის გამარჯვება აშშ-ს გლობალური ლიდერის სტატუსს წაართმევს

ფიონა ჰილის თქმით, იმ სცენარში რომელშიც უკრაინაში ვლადიმირ პუტინი იმარჯვებს და ინარჩუნებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს აშშ საგრძნობლად დასუსტდება და გაძლიერდება რუსეთის, ირანისა და ჩინეთის პოზიციები. 

ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველის ყოფილმა მოადგილემ Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

ფიონა ჰილის აზრით, უკრაინაში რუსეთის გამარჯვება, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის აუზში მანევრიბებს მეტ სივრცეს მისცემს ჩინეთს, ეს ძირს გამოუთხრის არსებულ წესრიგს ახლო აღმოსავლეთში და გაზრდის ბირთვული იარაღის გავრცელების საფრთხეს როგორც ამერიკის მოკავშირეებში, ასევე მოწინააღმდეგეებში. 

ჰილი ამბობს, რომ უკრაინის დამარცხება ძირს გამოუთხრის ნდობას ამერიკისადმი მის მოკავშირეებში, რადგანაც ისინი დაეჭვდებიან შეუძლია თუ არა ვაშინგტონს მათი დაცვა. 

"პუტინისთვის უკრაინა აშშ-სთან მიმდინარე ე.წ. პროქსი ომია, რომლის მეშვეობითაც საერთაშორისო არენაზე ამერიკის პოზიციები შეასუსტოს. უკრაინა ამჟამად მოგვწონს თუ არა ეს იქცა ამერიკისთვის ბრძოლის ველად, ბრძოლის ველად ამერიკის მომავლისთვის, მისი თავდაცვისუნარიანობისა და მზაობისთვის შეინარჩუნოს ლიდერობა და რეპუტაცია",- ამბობს ჰილი. 

ჰილის თქმით, თუ ამერიკა შეწყვეტს უკრაინის დახმარებას პუტინს შეეძლება გამოაცხადოს, რომ აშშ არასაიმედო მოკავშირეა, რაც დამატებით კითხვებსა და ეჭვებს გააჩენს ვაშინგტონს აზიურ მოკავშიირებში.

გარდა ამისა, ჰილის თქმით, ამერიკას შეახსენებენ ქაოსურ გასვლას ავღანეთიდან, ერაყიდან სირიიდან ეს კი პუტინს მისცემს საშუალებას დამაჯერებლად ამტკიცოს, რომ "ამერიკა ვერ ასრულებს გლობალური ლიდერის ფუნქციებს. ამას კი ჩვენს სხვა პარტნიორებზე შემაკავებელი ეფექტი ექნება."

ჰილის მტკიცებით უკრაინის დანაწევრება პუტინის გამარჯვება იქნება, მაგრამ ის ამაზე არ შეჩერდება - "პუტინი შეძლებს წამოიწყოს ახალი თამაში, ის ბრძოლებისა და ტურნირების კატეგორიებით აზროვნებს, როგორც ძიუდოს პროფესიონალი."

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გამარჯვება ჰილის აზრით ასევე ატარებს ბირთვული იარაღის შემდგომი გავრცელების საფრთხესაც - "ჩვენი მოკავშირეები, რომლებსაც აშშ-ს ბირთვული ქოლგა იცავს დასვამენ კითხვებს, რამდენად მზად ვიქნებით ბოლომდე დავუჭიროთ მხარი, როდესაც ეს დაჭირდებათ." 

კონტექსტი 

ფიონა ჰილი რუსეთის მიმართულებით თეთრი სახლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ანალიტიკოსია. 2017-2019 წლებში ფიონა ჰილი პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველის მოადგილის პოსტს იკავებდა, ამავდროულად იყო აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი. 2006-2008 წლებში ჰილი მუშაობდა დაზვერვის ეროვნულ საბჭოში. 

 

მსგავსი სიახლეები