I რაუნდი: კონსერვატორების ლიდერობისთვის ბრძოლას ორი კანდიდატი გამოეთიშა
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნების პირველი რაუნდის შედეგად, ბრძოლას ორი კანდიდატი - ჯერემი ჰანტი და ნადიმ ზაჰავი - გამოეთიშა.
ამ ეტაპზე კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ თემთა პალატის წევრი დეპუტატი კონსერვატორები იღებენ. ვარდებოდა ყველა კანდიდატი, რომელიც 30-ზე ნაკლები დეპუტატის ხმას მიიღებდა.
ჯერემი ჰანტი წარსულში კულტურის, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ნადიმ ზაჰავი კი ბორის ჯონსონმა თავისი გადადგომის წინა დღეებში ფინანსთა მინისტრად დანიშნა.
პირველ რაუნდში ყველაზე მეტი ხმა ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, რიში სუნაკმა, მიიღო (88 ხმა). მეორე ადგილზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პენი მორდონტია (67 ხმა), მესამეზე კი ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი (50 ხმა).
დანარჩენი კანდიდატებიდან კემი ბადენოკმა 50 ხმა მიიღო, ტომ ტუგენჰატმა - 37, ხოლო სუელა ბრევერმანმა - 32.
მომდევნო დღეებში არჩევნების კიდევ რამდენიმე რაუნდი ჩატარდება, სადაც კანდიდატები სათითაოდ გაიცხრილებიან იქამდე, სანამ მხოლოდ ორი დარჩება.
ფინალისტებს შორის ლიდერს და შესაბამისად, ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, სექტემბერში კონსერვატიული პარტიის ასი ათასობით წევრი აირჩევს.