იემენელი ჰუსიტები ჰანიეს მკვლელობისთვის ისრაელს "სამხედრო პასუხით" ემუქრებიან

ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰუსიტი" მეამბოხეების ლიდერი პირობას დებს, რომ "სამხედრო პასუხს" გასცემს "ჰამასის" ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობას.

"ამ უსირცხვილო დანაშაულებს, რომლებიც სახიფათოა და წარმოადგენს ისრაელის მიერ ესკალაციას, უნდა გაეცეს სამხედრო პასუხი," - თქვა აბდულ მალიქ ალ-ჰუთიმ სატელევიზიო გამოსვლაში.

ჰანიე თეირანში იმყოფებოდა ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციის ცერემონიაზე. იერუსალიმმა არც დაადასტურა და არც უარყო მკვლელობა, მაგრამ ირანმა და მისმა მარიონეტებმა რეგიონში პირობა დადეს, რომ შურის იძიებენ ისრაელზე.

კონტექსტი

31 ივლისს, "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე დილით ადრე, თეირანში, მოკლეს.

ეს უკვე მეორე გახმაურებული სპეცოპერაციაა, რომელიც ისრაელმა ჩაატარა. გუშინ ღამით, ბეირუთზე საჰაერო თავდასხმის შემდეგ, რომელსაც "ჰეზბოლას" უმაღლესი სამხედრო ლიდერი ემსხვერპლა.

ჰანიე, რომელიც ჩვეულებრივ კატარში ცხოვრობს, პალესტინური ტერორისტული დაჯგუფების საერთაშორისო დიპლომატიის სახე იყო. მანამდე, ღაზაზე ისრაელის ავიადარტყმისას მისი სამი შვილი დაიღუპა.

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ პირობა დადო, რომ ისრაელი "მკაცრად დაისჯება" თეირანში "ჰამასის" ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის.

The New York Times წერს, რომ "ჰამასის" ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში დისტანციური მართვის ბომბით მოკლეს, რომელიც კონტრაბანდულად შეიტანეს საოჯახო სასტუმროში, სადაც ის ცხოვრობდა და არა რაკეტით, როგორც ეს მედიაში გავრცელდა.

სტატიის თანახმად, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შვიდ ოფიციალურ პირს ეყრდნობა, მათ შორის ორ ირანელს, ასაფეთქებელი მოწყობილობა ფარულად, დაახლოებით ორი თვის წინ შეიტანეს თეირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შენობაში.

ირანელი ოფიციალური პირები, რომლებიც გუშაგთა კორპუსის წევრები არიან, აცხადებენ, რომ დარტყმის სიზუსტე ჰგავდა დისტანციური მართვის ავტომატისას, რომელიც მოსადმა 2020 წელს გამოიყენა ირანელი ბირთვული მეცნიერის, მოჰსენ ფახრიზადეს მოსაკლავად.

მსგავსი სიახლეები