II რაუნდი: კონსერვატორების ლიდერობის არჩევნებს მორიგი კანდიდატი ეთიშება

ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის არჩევნების მეორე რაუნდში ბოლო ადგილზე გენერალური პროკურორი, სუელა ბრევერმანი გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის რბოლას ეთიშება.

ამ ეტაპზე კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ თემთა პალატის წევრი კონსერვატორები იღებენ, სუელა ბრევერმანმა კი მხოლოდ 27 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა.

პირველ ადგილზე კვლავ რიში სუნაკი გავიდა 101 ხმით, მეორე ადგილზე პენი მორდონტი 83 ხმით, ხოლო მესამეზე - ლიზ ტრასი 64 ხმით.

კემი ბადენოკმა და ტომ ტუგენჰატმა, შესაბამისად, 49 და 32 ხმა მიიღეს.

"ტელეგრაფის" ინფორმაციით, კენჭისყრის მომდევნო რაუნდები ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათსაა დაგეგმილი. კონსერვატორი პარლამენტარები ხმის მიცემას იქამდე გააგრძელებენ, სანამ ყველა სათითაოდ გაიცხრილება და მხოლოდ ორი კანდიდატი დარჩება. ფინალისტებს შორის ახალ ლიდერს პარტიის წევრები აირჩევენ.

მსგავსი სიახლეები