იმ რუსებისთვის, ვინც ბრძოლაზე უარს ამბობს, უკრაინაში 15 რუსული ციხე ფუნქციონირებს

Telegram-ის არხმა ASTRA-მ გამოაქვეყნა ვიდეო "არალეგალური სარდაფიდან", რომელიც შექმნილია იმ რუსი სამხედროებისთვის, რომელთაც უარი თქვეს უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე.

მედიის ცნობით, სარდაფი, რომელიც არსებითად არალეგალური ციხეა, მდებარეობს ლუგანსკის ოლქის ტროიცკის რაიონის სოფელ რასიპნოეში. ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ სამხედროები ბეტონის იატაკზე წვანან და სხედან და საპირფარეშოს ნაცვლად პლასტმასის ბოთლებს იყენებენ. ოთახში შუქი პრაქტიკულად არ არის.

ვისგან და როგორ მიიღო ვიდეო ASTRA-ს რედაქციამ უცნობია. ამავე დროს, ვარაუდობენ, რომ მთლიანობაში ჟურნალისტებმა უკვე იპოვეს 15 ასეთი უკანონო ციხე იმ სამხედროებისთვის, რომლებსაც არ სურთ უკრაინაში ომი. 

ამ ციხეებიდან ცხრა მდებარეობს ლუგანსკის ოლქის ტერიტორიაზე, ხუთი - დონეცკის ტერიტორიაზე და კიდევ ერთი - ხარკოვში.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ სარდაფები რუსეთის კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ არსებობს. კანონის თანახმად, "სამხედრო პერსონალი ჰაუპტვახტში მხოლოდ დაკავების ოქმის შედგენის შემდეგ იგზავნება."

ASTRA-ს ცნობით, უკრაინაში რუსები არანაირ დოკუმენტაციას არ ავსებენ.

მსგავსი სიახლეები