ირანი 'ჰიჯაბის კანონის' აღსრულებას ამკაცრებს და ახალ რეიდებს აანონსებს

ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის თქმით, სამართალდამცავი უწყებები გაამკაცრებენ ე.წ. ჰიჯაბის კანონის აღსრულებას და ქალების შემოწმებას საჯარო თავშეყრის ადგილებში. 

მაჰსა ამინის მკვლელობისა და მასშტაბური საპროტესტო აქციებიდან 10 თვის შემდეგ, ირანის მთავრობა ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო ქალებს სამართლებრივი დევნით ემუქრება. 

ირანის მთავრობის განცხადება ტონის მნიშვნელოვანი ცვლილების მომასწავებელია - გასულ თვეებში ბევრი ირანელი ქალი განსაკუთრებით ქვეყნის დიდ ქალაქებში დემონსტრაციულად უარს ამბობდა თავსაბურავის ტარებაზე. საპროტესტო აქციების შემდეგ ირანში კანონის აღსრულება საგრძნობლად შესუსტდა. 

2022 წლის სექტემბერში თეირანში სტუმრად მყოფი 22 წლის სტუდენტი, მაჰსა ამინი, ზნეობის პოლიციამ თავსაბურავის ტარების წესის დარღვევის გამო დააპატიმრა. საპატიმროში ცემის შემდეგ ამინიმ გონება დაკარგა, სტუდენტი 3-დღიანი კომის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

ისლამური რესპუბლიკის მთავრობამ წარმოქმნილ საპროტესტო მოძრაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით უხეში ძალით და დარბევებით უპასუხა. მიუხედავად ამისა მიიჩნეოდა, რომ მთავრობა ჰიჯაბის ტარების წესთან დაკავშირებით უთქმელ კომპრომისზე წავიდა და კანონის აღსრულება სინამდვილეში შეამსუბუქა. 

ე.წ. ზნეობის პოლიცია ქუჩებიდან თითქმის სრულად გაქრა, დანაყოფები ძირითად იმ ბიზნესის მფლობელებს აწუხებდნენ, სადაც უთავსაბურავო ქალებს ემსახურებოდნენ. 

16 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ეროვნული პოლიციის პრესსპიკერი ამბობს, რომ პოლიციას არ აქვს 'არჩევანი' წესის დამრღვევი ქალების სამართლებრივი დევნის გარდა. 

"თუ ქალები არ დაემორჩილებიან პოლიციელის მოწოდებებს, ჩვენ მოგვიწევს ეს საქმეები პროკურატურას გადავცეთ",- განაცხადა მონთაზერი ალ-მაჰდიმ. 

მისი თქმით, წესების გამკაცრება მიზნად ისახავს "სოციალური სოლიდარობის და ოჯახური ღირებულებების გაძლიერებას." ალ-მაჰდი აღნიშნავს, რომ წესების აღსრულებისკენ გამკაცრებას პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისიც ითხოვდა. 

საყურადღებოა, რომ მსგავსი განცხადებები ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ხშირია და რთული სათქმელია რამდენად დეტერმინირებულია მთავრობა.

გასულ დღეებში ზნეობის პოლიციის დანაყოფები თეირანის ქუჩებში კვლავ არ გამოჩენილან. მორალის მცველები არ ჩანდნენ ტაჯრიშის მოედანზეც, სადაც მათი მთავარი ბაზა მდებარეობს. ქალქის ამავე ნაწილში ბევრი ქალი ჰიჯაბის გარეშე გადაადგილდებოდა. 

მაჰსა ამინის მკვლელობის წლისთავის მოახლოების ფონზე ირანის მთავრობა შესაძლოა ახალ საპროტესტო გამოსვლებს ელოდებოდებს. ამინის მკვლელობის შემდეგ "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება" სლოგანის ქვეშ შეკრებილი საპროტესტო მოძრაობის დარბევას ასობით დემონსტრანტი ემსხვერპლა. 

საყურადღებოა, რომ გასულ კვირებში "ზნეობის წესების დამრღვევი ქალებისთვის" უჩვეულო სასჯელები გახშირდა. მაგალითად, ქალაქ ვარამინში, თავსაბურავის ტარების წესის დარღვევის გამო, ქალს ადგილობრივ პროზექტურაში 1 თვის განმავლობაში ცხედრების დაბანვა მიუსაჯეს. 

"სოციალური ავადმყოფობის განკურნებისთვის" ფსიქოლოგიური კლასის გავლა დააკისრეს ცნობილ ირანელ მსახიობს, აზადე სამადის, რომელიც თავისი ახლობლის დაკრძალვაზე ჰიჯაბის ნაცვლად კეპით იმყოფებოდა. 

თეჰრანის ერთ-ერთ ტანსაცმლის მაღაზიაში მყოფი ქალი Financial Times-თან ინტერვიუში ამბობს - "ისლამურმა რესპუბლიკამ იცის, რომ ამ ომში ვერ გაიმარჯვებს. ქალებს მათი არ ეშინიათ."

პროტესტები ქვეყანაში მწვავე და განგრძობადი ეკონომიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც აშშ-ს მიერ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს და ბირთვულ პროგარამას უკავშირდება. 

მსგავსი სიახლეები