ირანი მზად არის რუსეთს რაკეტები გადასცეს - The Washington Post
ირანი მზად არის რუსეთს არა მხოლოდ დრონები, არამედ საკუთარი წარმოების რაკეტებიც გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post 16 ოქტომბერს წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროები ვარაუდობდნენ, რომ ეს შეიძლება რუსეთს დანაკარგის შევსებაში დაეხმაროს.
გაზეთის ცნობით, 18 სექტემბერს, თეირანმა ოფიციალური პირები გაგზავნა რუსეთში, რათა დაასრულონ დამატებითი იარაღის მიწოდების პირობებზე შეთანხმება, მათ შორის ირანული სახმელეთო რაკეტების ორ სახეობაზე.
დაზვერვის ცნობით, ირანის სამხედრო ინდუსტრია რუსეთისთვის გადასაცემად ამზადებს Fateh-110-ისა და Zofaghar-ის პირველ პარტიას. ეს არის მოკლე დისტანციაზე მოქმედი ირანული ბალისტიკური რაკეტები, რომელთა მოქმედების ოპერატიული რადიუსი 300 და 700 კმ-ია.
წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ ირანი ემზადება რუსეთს ახალი დრონები მიაწოდოს, მათ შორის ათეულობით მრავალფუნქციური Mohajer-6 და უფრო მეტი კამიკაძე დრონი Shahed-136. ირანელი ტექნიკური მრჩევლები ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს ეწვივნენ, რათა რუსებს ინსტრუქციები მისცენ უპილოტო თვითმფრინავების მუშაობის შესახებ.
ამის შესახებ უკრაინული მხარე ინფორმირებულია, განუცხადა გაზეთს უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა.