ირანის ომის დასრულების 5 შესაძლო სცენარი და ტრამპის მესიჯბოქსი

პრეზიდენტ ტრამპისა და პენტაგონის ურთიერთგამომრიცხავი სიგნალები მოკავშირეებს, ბაზრებსა და კანონმდებლებს გაურკვევლობაში ტოვებს იმის თაობაზე, თუ როგორ ან როდის დასრულდება ირანის ომი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ყოველი კვირა შეთანხმების გარეშე აღრმავებს ეკონომიკურ ზიანს აშშ-ში და არასტაბილურობას საზღვარგარეთ, რაც ზრდის პოლიტიკურ ფსონებს ტრამპისთვის შუალედური არჩევნების წინ.

არსებული მდგომარეობა: ორშაბათს, რესპუბლიკელთა ყოველწლიურ შეკრებაზე, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ომი უკვე მოიგო, „მაგრამ საკმარისად არა“.

  • ეს მოხდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც მან CBS News-ს განუცხადა, რომ ომი „პრაქტიკულად დასრულებულია“.
  • ამავდროულად, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა აღნიშნა, რომ სამშაბათი იქნება „ყველაზე ინტენსიური დარტყმების დღე“.

ვარიანტები: პოლიტიკოსებსა და ანალიტიკოსებში, ძირითადად, ომის დასრულების ხუთი შესაძლო სცენარი განიხილება.

1. მოლაპარაკებული ცეცხლის შეწყვეტა და ბირთვული შეთანხმება

  • ირანის ბირთვული იარაღის პროგრამის დასრულება ოპერაცია „Epic Fury“-ს დაწყებიდან ტრამპის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს;
  • ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჟენევაში არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა ტრამპის წარმომადგენლებმა მიიჩნიეს, რომ თეირანი შეთანხმებისთვის მზად არ იყო;
  • ტრამპმა ორშაბათს Fox News-თან განაცხადა, რომ მოლაპარაკებების განახლება „შესაძლებელია“, თუმცა უკმაყოფილოა რადიკალი მოჯთაბა ხამენეის ლიდერად დანიშვნით.

2. ვენესუელის მოდელი

  • ტრამპმა ვენესუელა - სადაც აშშ-მა იანვარში პრეზიდენტი ნიკოლას მადურო შეიპყრო და მის მემკვიდრესთან, დელსი როდრიგესთან სამუშაო ურთიერთობა დაამყარა - ირანისთვის შესაძლო ნიმუშად დაასახელა;
  • ტრამპმა მიანიშნა, რომ ახალი უზენაესი ლიდერი შესაძლოა დიდხანს არ დარჩეს პოსტზე.

რეალობის შემოწმება: ექსპერტების თქმით, ირანის შედარება ვენესუელასთან შეცდომაა. ისლამურმა რესპუბლიკამ 47-წლიან სანქციებსა და აჯანყებებს გაუძლო.

3. სახალხო აჯანყება და რეჟიმის კოლაფსი

  • კოლაფსის პოტენციალი რეალურია: აიათოლა ხამენეი მკვდარია, ეკონომიკა განადგურებული, ხოლო ომამდე რამდენიმე კვირით ადრე ქვეყანაში 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ყველაზე დიდი პროტესტი მიმდინარეობდა;
  • ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ დარტყმები ქმნის პირობებს, რათა „გაბედულმა ირანელმა ხალხმა ბედი საკუთარ ხელში აიღოს“. მაგრამ: ირანულ ოპოზიციას არ ჰყავს ერთიანი ლიდერი და ორგანიზებული ძალა ქვეყნის შიგნით.

4. სპეცრაზმის რეიდი ბირთვულ მარაგებზე

  • აშშ და ისრაელი განიხილავენ სპეცდანიშნულების რაზმების გაგზავნას ირანში გამდიდრებული ურანის მარაგების ხელში ჩასაგდებად ან გასანადგურებლად;
  • ეს სცენარი ომს არა პოლიტიკური შეთანხმებით, არამედ ბირთვული საფრთხის ფიზიკური ლიკვიდაციით ასრულებს. თუმცა, ეს მოითხოვს სახმელეთო ოპერაციის კომპონენტს.

5. ტრამპი აცხადებს გამარჯვებას და გადის

  • ამ სცენარით, ტრამპი გადაწყვეტს, რომ ირანის სარაკეტო და დრონების შესაძლებლობები საკმარისად დაზიანდა, გამოაცხადებს ისტორიულ გამარჯვებას და დატოვებს რეგიონს, მიუხედავად იმისა, მოგვარდება თუ არა თეირანში პოლიტიკური სიტუაცია.
  • ბაზრები სწორედ ამ სწრაფ დასასრულზე დებენ ფსონს, რადგან ქვეყნის შიგნით ეკონომიკური პრობლემები მწვავდება.

ომის გზავნილები 

ოპერაციის დაწყებიდან 10 დღის თავზე, პრეზიდენტ ტრამპის საბოლოო მიზანი ბუნდოვანი და ცვალებადი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაცია სამხედრო წარმატებაზე საუბრობს, საზოგადოებრივი გამოკითხვები (Reuters-Ipsos) აჩვენებს, რომ ამერიკელთა მხოლოდ 33%-ს ესმის ომის რეალური დანიშნულება.

28 თებერვალი: აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი იერიში დაიწყეს.

მარტის დასაწყისი: განადგურდა ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტი, საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

გასული კვირა: ისრაელმა იერიში მიიტანა 30 საწვავის საცავზე, რამაც თეირანი ტოქსიკურ კვამლში გახვია. აშშ-მა დააფიქსირა პირველი უკმაყოფილება იერიშების მასშტაბის გამო.

9 მარტი: ტრამპმა გამოაცხადა, რომ ომი „პრაქტიკულად დასრულებულია“ და სამხედრო თვალსაზრისით ირანს „არაფერი დარჩა“.

10 მარტი: პენტაგონმა განაცხადა, რომ ეს „მხოლოდ დასაწყისია“ და ყველაზე ინტენსიური დარტყმების დღე სწორედ დღეს იქნებოდა.

ომის ხანგრძლივობაზე გაკეთებული განცხადებები:

  • დონალდ ტრამპი: „შემიძლია ომი 2-3 დღეში დავასრულო, ან გავაგრძელო და ყველაფერი ჩავიგდო ხელში“.
  • პენტაგონი/თეთრი სახლი: თავდაპირველი გათვლებით ოპერაციას 4-დან 6 კვირამდე უნდა გასტანოს.

რეჟიმის ცვლილებაზე გაკეთებული განცხადებები:

  • დონალდ ტრამპი: „მე პირადად უნდა დავეხმარო ირანს ახალი ლიდერის შერჩევაში“. მოუწოდებს ირანელებს „აიღონ ხელში“ მმართველობა.
  • პიტ ჰეგსეთი: უარყოფს, რომ რეჟიმის ცვლილება აშშ-ის ოფიციალური მიზანია.

გამარჯვების პირობებზე გაკეთებული განცხადებები:

  • ტრამპი (გასულ კვირას): მხოლოდ „უპირობო კაპიტულაცია“.
  • ტრამპი (ორშაბათს): „შესაძლოა“ ირანის ლიდერებს ველაპარაკოთ, თუმცა „საჭირო აღარ არის“.

რეალობის შემოწმება: მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ირანის სამხედრო პოტენციალს „განადგურებულად“ აცხადებს, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) იმუქრება, რომ რეგიონიდან „ერთი ლიტრი ნავთობის“ ექსპორტს არ დაუშვებს, თუ თავდასხმები გაგრძელდება.

დასკვნა: ომი ირანში დიდი გაფრთხილების გარეშე დაიწყო. შესაძლოა, მისი დასასრულიც ასეთივე მოულოდნელი იყოს.

მსგავსი სიახლეები