ისრაელ-ჰამასის ომის ფონზე, გერმანელების 59% ტერაქტების საფრთხეს ხედავს
გერმანელების აბსოლუტური უმრავლესობა შიშობს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის გამო, გერმანიაში შეიძლება დიდი ტერორისტული თავდასხმები მოხდეს.
ამის შესახებ YouGov-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში ვკითხულობთ.
გამოკითხულთა 59%-მა თქვა, რომ თავდასხმები დიდი მსხვერპლით არის "ძალიან სავარაუდო" ან "სავარაუდო." მხოლოდ 27%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში ტერორისტული თავდასხმები "ძალიან ნაკლებად სავარაუდოა" ან "ნაკლებად სავარაუდოა."
ღაზას ომის შესაძლო შედეგებს შორის, გამოკითხულთა 25%-ს ყველაზე მეტად ეშინია შესაძლო ტერორისტული თავდასხმების, ხოლო 26%-ისთვის მთავარი შიშია, რომ გერმანიაში ახლო აღმოსავლეთიდან მეტი მიგრანტი ჩავა.
ამის საპირისპიროდ, გერმანიაში მზარდი ანტისემიტიზმი მთავარ საფრთხედ მხოლოდ 17%-მა დაასახელა. ამას მოსდევს მუსლიმურ სახელმწიფოებთან ურთიერთობის გაუარესება (10%), ენერგეტიკაზე ფასების გაზრდის შიში (8%) და მზარდი მტრობა მუსლიმების მიმართ (6%).
გამოკითხულთა 39% ფედერალური მთავრობის პოზიციას ღაზას ომთან დაკავშირებით დაბალანსებულად მიიჩნევს, 32% კი თვლის, რომ ფედერალური მთავრობა ძალიან უჭერს მხარს ისრაელს.
გერმანიამ ღაზას სექტორის მაცხოვრებლებისთვის 38 მილიონ ევროს ჰუმანიტარული დახმარება გამოყო.