ისრაელელ სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიადაზე 24 საათის განმავლობაში დაიცავენ

საფრანგეთის პოლიცია პარიზის ოლიმპიადაზე ისრაელელი სპორტსმენების 24-საათიან დაცვას უზრუნველყოფს. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა განაცხადა.

მინისტრმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გასულ შაბათს ფრანგმა დეპუტატმა თომას პორტესმა ოლიმპიადაში ისრაელის მონაწილეობას არასასურველი უწოდა. პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე გამოსვლისას, პორტესმა მოითხოვა "ყველა ბერკეტის გამოყენება" ისრაელელი სპორტსმენების ასპარეზობის თავიდან ასაცილებლად, რათა "აჩვენონ, რომ ისინი არ არიან მისასალმებელი პარიზში."

პორტესის გამოსვლამ მრავალი საზოგადო მოღვაწის მწვავე რეაქცია გამოიწვია. საფრანგეთის ებრაული ორგანიზაციების საბჭოს ხელმძღვანელმა, იონატან არფიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პორტესის სიტყვები რადიკალებმა შეიძლება მკვლელობის მოწოდებად მიიჩნიონ.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ ორშაბათს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განაცხადა: "საფრანგეთის სახელით ვეუბნები ისრაელის გუნდს, რომ მოხარული ვართ მათი ოლიმპიადაზე ნახვით."

ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. პოლიცია და სადაზვერვო სამსახურები პირობას დებენ, რომ მაქსიმალურად გაზრდიან უსაფრთხოების ზომებს როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე მაყურებლებისთვის. 

მსგავსი სიახლეები