ისრაელი და "ჰეზბოლა" ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ისრაელმა და ლიბანის შიიტურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰეზბოლამ" შეთანხმებას მიაღწიეს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზე. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 26 ნოემბერს განაცხადა.

ისრაელსა და ჰეზბოლას შორის შეთანხმება 27 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 04:00 საათზე ამოქმედდა.

შეთანხმების პირობებით, ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ლიბანის ტერიტორიას მომდევნო 60 დღის განმავლობაში დატოვებენ.

Reuters-ის ცნობით, ვაშინგტონი და პარიზი იმუშავებენ, რათა უზრუნველყონ "ცეცხლის შეწყვეტის სრულად აღსრულება."

ზავის შესახებ ინფორმაცია ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც დაადასტურა. მან X-ზე დაწერა, რომ ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის 11 წევრიდან 10-მა ლიბანურ ტერორისტულ დაჯგუფებასთან ზავს ხმა მისცა.

ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს "პროცესში შეტანილი წვლილისთვის," მაგრამ თქვა, რომ ისრაელი ინარჩუნებს "უფლებას იმოქმედოს ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ."

შეთანხმების ფონზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე პირობა დადო, რომ ისრაელი განაახლებს საომარ მოქმედებებს ლიბანში, თუ "ჰეზბოლა" გააგრძელებს შეიარაღებას ან აღადგენს მის ინფრასტრუქტურას საზღვართან ახლოს.

Reuters-ის წყარომ აღნიშნა, რომ აშშ იმუშავებს ლიბანის არმიასთან, რათა უზრუნველყოს შეთანხმების პოტენციური დარღვევების აღკვეთა. ვაშინგტონი ასევე შეუერთდება რეგიონალურ სამხედრო-ტექნიკურ კომიტეტს, რომელიც უზრუნველყოფს ლიბანის შეიარაღებული ძალების აღჭურვას, წვრთნას და ფინანსურ დახმარებას.

ისრაელის სახმელეთო ოპერაცია სამხრეთ ლიბანში 1 ოქტომბერს დაიწყო. მას წინ უძღოდა ტერორისტული დაჯგუფების პეიჯერების მასიური აფეთქება, სექტემბრის შუა რიცხვებში, ხოლო მოგვიანებით ავიადარტყმა, რასაც "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა ემსხვერპლა.

ნასრალასთან ერთად, ბოლო თვეებში ისრაელმა "ჰეზბოლას" თითქმის ყველა ლიდერი მოკლა.

ისრაელსა და "ჰეზბოლას" ომი 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ დაიწყო, როდესაც შიიტურმა დაჯგუფებამ "ჰამასის" პარალელურად ე.წ. "სოლიდარობის ფრონტი" გახსნა და რეგულარულად ბომბავდა ჩრდილოეთ ისრაელის დასახლებებს. სწორედ ამ მიზეზით, ისრაელის მთავრობამ 60 ათასზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია მოახდინა.

მსგავსი სიახლეები