ნეთანიაჰუ: ისრაელელმა სამხედროებმა ჰეზბოლას ბაზებზე რუსული იარაღი აღმოაჩინეს
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ჯარისკაცებმა ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას ბაზების ჩხრეკისას "ყველაზე თანამედროვე" რუსული იარაღი აღმოაჩინეს.
ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 6 ოქტომბერს, ფრანგულ გაზეთ Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა.
პოლიტიკოსის თქმით, გაეროს 2006 წლის რეზოლუციით, მხოლოდ ლიბანის არმიას აქვს უფლება ჰქონდეს იარაღი მდინარე ლიტანის სამხრეთით, რომელიც სამხრეთ ლიბანში მდებარეობს.
"თუმცა ჰეზბოლამ ამ ტერიტორიაზე ასობით გვირაბი და სამალავი გათხარა, სადაც ჩვენ ახლახან ვიპოვეთ თანამედროვე რუსული იარაღი," - ციტირებს გამოცემა მის სიტყვებს.
"ლიბანში ახალი სამოქალაქო ომი ტრაგედია იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არ არის მისი პროვოცირება. ისრაელი არ აპირებს ლიბანის შიდა საქმეებში ჩარევას," - განუცხადა ნეთანიაჰუმ Le Figaro-ს. "ჩვენი ერთადერთი მიზანია ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ლიბანის საზღვართან მივცეთ საშუალება სახლში დაბრუნდნენ და თავი დაცულად იგრძნონ."
მანამდე The Washington Post, ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ სამხრეთ ლიბანში IDF-ის ოპერაციის დროს აღმოაჩინეს რუსული და ჩინური ტანკსაწინააღმდეგო სისტემები.
2024 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში ისრაელმა ჰეზბოლას წინააღმდეგ "პრევენციული სამხედრო ოპერაცია" დაიწყო. ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად მოკლულია ტერორისტული დაჯგუფების ხელმძღვანელების უმრავლესობა, მათ შორის მისი სიმბოლო და ლიდერი ჰასან ნასრალა და მისი შესაძლო მემკვიდრეები.
სექტემბრის ბოლოს, IDF-მა სამხრეთ ლიბანში "შეზღუდული სახმელეთო ოპერაციაც" დაიწყო.