სწრაფი იერიშისას ასადის მოწინააღდეგე ძალებმა ქალაქ ალეპოს ნაწილი დაიკავეს

ისლამისტური "ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის" მებრძოლები მოულოდნელი იერიშის შედეგად სირიის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოში შეიჭრნენ - ამ გრძელდება ბრძოლები ქალაქის დასავლეთ ნაწილში. 

თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო დილის საათებში წერდა, რომ ალეპოს საზღვრიდან ბაშარ ასადის მოწინააღმდეგე ისლამისტებს 1 კილომეტრზე ნაკლები აშორებდა. 

Asociated Press-ის ინფორმაციით, 3 დღის წინ წამოწყებული იერიშის ფარგლებში ისლამისტებმა 50-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაიკავეს. სირიის მონიტორინგის ორგანიზაციის Syrian Observatory for Human (SOHR) Rights-ის ცნობით, ბრძოლების შედეგად ორივე მხრიდან 220-მდე კომბატანტი და 20-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული. 

Anadolu Agency-ის ცნობით, ჯამურად ისლამისტებმა იდლიბისა და ალეპოს პროვინციაში 400 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს. გარდა ამისა, ასადის მოწინააღმდეგეების ხელში აღმოჩნდა სირიის არმიის მიერ მიტოვებული შეიარაღების საწყობები და სხვადასხვა მძიმე შეიარაღება. 

იმავე SOHR-ის ცნობით, ისლამისტებმა დაიკავეს ალეპოსა და დამასკოს დამაკავშირებელი მაგისტრალიც. 

თურქეთის სადაზვერვო უწყებებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით CNN წერს, რომ ისლამისტების იერიშის მიზეზი ცოტა ხნის წინ სირიის არმიის მიერ განხორციელებული დაბომბვებია, რომელსაც ამავე წყაროების ცნობით, 30 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 

წყაროები მიუთითებენ, რომ ისლამისტები თავდაპირველად შეზღუდულ იერიშს გეგმავდნენ, თუმცა ოპერაციის არეალი სირიის არმიის დანაყოფების მოულოდნელი გაქცევის შემდეგ გაიზარდა. 

წყაროების ცნობით, ისლამისტების იერიშის შედეგად მოკლულია 1 რუსი სპეცრაზმელიც. ცნობილია, რომ რუსეთის არმიას აქვს პოზიციები ალეპოს ჩრდილოეთით, თუმცა ამ არეალში ბრძოლების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

SOHR-ის ინფორმაციით, რუსეთის ავიაციამ უკვე განახორციელა 20-ზე მეტი ავიადარტყმა ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რასაც მშვიდობიანი მსხვერპლიც მოჰყვა. 

"სირიაში თავი მოიყარე პროფილურად გამოუდეგარმა ოფიცრებმა, ხოლო ბრძოლისუნარიანი სამხედრო დანაყოფები ჩვენ იქ არ გვაყვს"- წერს რუსეთის გენერალურ შტაბთან დაკავშირებული ტელეგრამ არხი რიბარი.

CNN-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების ცნობით, ისლამისტები იყენებენ ჰეზბოლას დასუსტების შედეგად წარმოქმნილ ვაკუუმსაც - ლიბანურმა დაჯგუფებამ ბაშარ ასადის რეჟიმის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. 

რაც შეეხება "ჰაიათ თაჰრირ აშ-შამს" დაჯგუფება 2017 წელს "ჯაბჰატ ან-ნუსრასთან" გაერთიანების შედეგად შეიქმნა. თავის მხრივ "ჯაბჰატ ან-ნუსრა" თავდაპირველად სირიაში ალ-ქაიდას ფილიალი იყო, თუმცა 2016 წელს გამოეყო ორგანიზაციას. 

მსგავსი სიახლეები