ისრაელის ელჩი გერმანიაში: ჩვენ კიევს იმაზე მეტად ვეხმარებით, ვიდრე ცნობილია

ისრაელი უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში უფრო ფართო მასშტაბით უჭერს მხარს, ვიდრე საზოგადოებამ იცის. ამის შესახებ Funke Mediengruppe-თან ინტერვიუში ისრაელის ელჩმა გერმანიაში რონ პროსორმა განაცხადა.

"ისრაელი ეხმარება უკრაინას, მაგრამ კულისებში და ბევრად მეტად, ვიდრე ცნობილია", - თქვა დიპლომატმა.

მან საზოგადოებას მოუწოდა გაგებით მოეკიდონ ამ საკითხზე მისი ქვეყნის თავშეკავებულ პოზიციას.

"ჩვენ გვყავს რუსები სირიაში. მოგეხსენებათ, ისრაელის არმია რეგულარულად ზღუდავს ირანიდან სირიასა და ლიბანში იარაღის ტრანსპორტირებას. მათ შორისაა ირანული დრონები და რაკეტები, რომლებსაც რუსეთი იყენებს უკრაინაში", - თქვა პროსორმა.

მისი თქმით, მეორე გარემოება, რის გამოც ისრაელი იძულებულია ჩუმად იმოქმედოს, რუსეთში დიდი ებრაული თემის არსებობაა.

ისრაელის ხელისუფლებამ არაერთხელ და ცალსახად დაგმო რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში.

19 იანვარს ისრაელის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა დაარწმუნა კიევი, რომ ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდება. ის უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა და უთხრა, რომ ახლო მომავალში უკრაინას ეწვევა. მან ასევე პირობა დადო, რომ 60 დღის ვადაში კიევში ისრაელის საელჩო კვლავინებურად შეუდგება მუშაობას.

მსგავსი სიახლეები