ისრაელის თავდაცვის მინისტრი ბაჰრეინს ეწვია

 

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა ბაჰრეინში ისტორიული ვიზიტის ფარგლებში მის კოლეგასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. ამით, ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ფორმალიზება უსაფრთხოების სფეროშიც მოხდა.

განცი ისრაელის პირველი თავდაცვის მინისტრია, ვინც ბაჰრეინს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში ის ბაჰრეინის პრემიერს, სალმან ბინ ჰამად ან ხალიფას და მეფეს, ჰამად ბინ ისა ალ ხალიფას შეხვდა.

განცის თქმით, მემორანდუმი ხელს შეუწყობს თანამშრომლობას სადაზვერვო და თავდაცვითი ინდუსტრიის მიმართულებით.

უსაფრთხოების სფეროში ეს ისრაელის მხოლოდ მეორე მემორანდუმია არაბულ სახელმწიფოსთან. პირველ ასეთ დოკუმენტს განცმა ხელი შარშან, მაროკოში მოაწერა.

აღსანიშნავია, რომ ბაჰრეინში ამერიკის მე-5 ფლოტის ბაზა მდებარეობს. ვიზიტის ფარგლებში ისრაელის თავდაცვის მინისტრი მათ ბაზას ეწვია და ამერიკისა და ისრაელის საზღვაო ძალებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას გაუსვა ხაზი.  

მსგავსი სიახლეები