ისრაელის უშიშროების საბჭოს მდივანი: მძევლების გათავისუფლება პარასკევამდე არ დაიწყება

ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ცაჩი ჰანეგბი აცხადებს, რომ პირველი ისრაელელი მძევლები პარასკევამდე არ გათავისუფლდებიან.

ამის შესახებ The Times of Israel წერს.

ჰამასის მაღალჩინოსანმა მუსა აბუ მარზუკმა 22 ნოემბერს თქვა, რომ შეთანხმება ძალაში ხუთშაბათს, დილის 10 საათზე შევა და რამდენიმე საათის შემდეგ, იგივე ჟურნალისტებთან დაადასტურა ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსანმა.

მაგრამ ჰანეგბიმ თავის ბოლო განცხადებაში აღნიშნა, რომ "ჩვენი მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს."

"გათავისუფლება დაიწყება მხარეებს შორის თავდაპირველი შეთანხმების შესაბამისად, მაგრამ არა პარასკევამდე," - თქვა მან.

სამთავრობო წყარო ასევე ამბობს, რომ ჯერ უცნობია, მიიღეს თუ არა მოსადის უფროსმა დევიდ ბარნეამ და ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალმა ნიცან ალონმა, რომლებიც ამჟამად კატარში იმყოფებიან შეთანხმების საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად, მძევლების სახელები, რომლებიც პირველ დღეს უნდა გათავისუფლდნენ. 

ისრაელი მათ გათავისუფლებამდე სახელებს არ გამოაქვეყნებს, რათა შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში, თავიდან აიცილოს ოჯახებს შორის იმედგაცრუება.

კონტექსტი

ისრაელი და ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. 50 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ისრაელი 150 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს. პატიმრების ძირითადი ნაწილი 18 წლის და უმცროსი კაცები და 13 ქალია.

გარდა ამისა, ჰამასის ცნობით, ისრაელი 4 დღით საბრძოლო პაუზას და სამხრეთ ღაზაში დრონების მხოლოდ 10:00-16:00 საათებში გამოყენებას დათნახმდა.

ამასთანავე, საბრძოლო პაუზა თითო დღით გაგრძელდება, თუ ჰამასი 10 ტყვეს გაათავისუფლებს.

ისრაელის ხელისუფლების ცნობით, ამჟამად ჰამასის ტყვეობაში 210 ისრაელის მოქალაქეა და პალესტინის ისლამური ჯიჰადის ტყვეობაში - 30.

მსგავსი სიახლეები