ისრაელმა ღაზას დაბომბვა დაიწყო: დაიღუპა 300-ზე მეტი პალესტინელი

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამშაბათს, დილით, ათობით ობიექტი დაბომბა ღაზას სექტორის მასშტაბით, რადგან, ისრაელის მთავრობის თქმით, ტერორისტულმა დაჯგუფებამ "განმეორებით თქვა უარი" ისრაელელი მძევლების გათავისუფლებაზე.
ჰამასის მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს დაუზუსტებელი მონაცემებით, მინიმუმ 326 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.
ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ დაბომბვის განახლების გადაწყვეტილება "მოჰყვა ჰამასის განმეორებით უარს ჩვენი მძევლების გათავისუფლებაზე, ისევე როგორც ყველა იმ წინადადებაზე, რომელიც მან მიიღო აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლისგან, სტივ უიტკოფისგან."
ჰამასი დაჟინებით მოითხოვდა შეთანხმების თავდაპირველი პირობების დაცვას და ცეცხლის შეყწვეტის შეთანხმების მეორე ეტაპზე გადასცლას, რაც ითვალისწინებდა ისრაელის სრულად გასვლას ღაზადან და ომის სამუდამოდ დასრულებას დარჩენილი ცოცხალი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ.
შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე, ნეთანიაჰუ დიდი ხანი ამტკიცებდა, რომ ისრაელი არ დაასრულებს ომს მანამ, სანამ არ განადგურდება ჰამასის ადმინისტრაციული და სამხედრო შესაძლებლობები.
შესაბამისად, ისრაელმა უარი თქვა მეორე ფაზის პირობებზე მოლაპარაკების გამართვაზეც კი, რომელიც 3 თებერვალს უნდა დაწყებულიყო.
მიუხედავად ამისა, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში დარჩა პირველი ეტაპის დასრულებიდან დაახლოებით ორნახევარი კვირის განმავლობაში, რადგან შუამავლები მუშაობდნენ ზავის გახანგრძლივების ახალ პირობებზე.
გასულ კვირას სტივ უიტკოფმა წარადგინა წინადადება, რომლის მიხედვითაც პირველი ეტაპი რამდენიმე კვირით გაგრძელდებოდა, რომლითაც ხუთი ცოცხალი მძევალი გათავისუფლდებოდა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა Fox News-ს განუცხადა, რომ ისრაელმა ტრამპის ადმინისტრაციასთან კონსულტაციები გამართა ღაზაზე დარტყმის განხორციელებამდე.
"ჰამასს შეეძლო გაეთავისუფლებინა მძევლები ცეცხლის შეწყვეტის გასახანგრძლივებლად, მაგრამ ამის ნაცვლად აირჩია უარი და ომი," - განუცხადა The Times of Israel-ს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ბრაიან ჰიუზმა.