ისრაელმა რუსეთის ელჩი დაიბარა ლავროვის ანტისემიტური განცხადების გამო

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს მას შემდეგ, რაც სერგეი ლავროვმა ებრაელების და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შესახებ ანტისემიტური განცხადებები გააკეთა.

ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

1 მაისს იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ზელენსკის მსგავსად „ებრაული სისხლი ჰიტლერსაც ჰქონდა“ და „ყველაზე მძვინვარე ანტისემიტები ებრაელები არიან“.

რუსეთის მთავარი დიპლომატის კომენტარს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი გამოეხმაურა, რომელმაც ლავროვის სიტყვებს „უპატიებელი და აღმაშფოთებელი“ უწოდა.

„ეს საშინელი ისტორიული ხასიათის შეცდომაა. ებრაელებს ჰოლოკოსტის დროს საკუთარი თავი არ მოუკლავთ. ებრაელების ანტისემიტიზმში დადანაშაულება - ებრაელების მიმართ რასიზმის ყველაზე მდაბალი ფორმაა“, - წერს ლაპიდი.

ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაული წარმოშობის პირველი უკრაინის პრეზიდენტია.

24 თებერვალს ომის გამოცხადებისას ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ამოცანებს უკრაინის „დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია“ წარმოადგენდა.

მსგავსი სიახლეები