იტალია და საფრანგეთი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას განიხილავენ
იტალიის მთავრობა კვლავ მუშაობს უკრაინის თავდაცვითი დახმარების მეექვსე პაკეტზე. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ჯეიკ სალივანს 5 იანვარს სატელეფონო საუბარი ჰქონდა იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯა მელონის მრჩეველ ფრანჩესკო ტალოსთან და "სთხოვა დაეჩქარებინა" უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა.
ამ ინფორმაციის საპასუხოდ ტაიანიმ განაცხადა, რომ "მოლაპარაკებები ვაშინგტონთან მიმდინარეობს და ნორმალურია", მაგრამ შეიარაღებაზე საუბარი არ ყოფილა.
მისი თქმით, იტალია საფრანგეთთან განიხილავს "რომისა და პარიზის ერთობლივი ტექნოლოგიების საფუძველზე საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნის ტექნიკური თვალსაზრისით გაუმჯობესებას." ტაიანიმ სხვა დეტალები არ დააკონკრეტა.
კონტექსტი
დეკემბრის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და იტალიის პრემიერმა ჯორჯა მელონიმ სატელეფონო საუბარი გამართეს. საუბრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათ, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზეც ისაუბრეს. ის იმედოვნებს, რომ იტალიის დახმარების წყალობით, უკრაინა შეძლებს გააძლიეროს თავისი ცის დაცვა.
იტალიურმა გამოცემა La Repubblica-მ დაწერა, რომ აშშ ზეწოლას ახდენს იტალიაზე, რომ რაც შეიძლება მალე მიაწოდოს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები.
საუბარია საჰაერო თავდაცვის სისტემა Samp-T-ზე. გავრცელებული ინფორმაციით, ამ სისტემის რადარებს უკრაინას საფრანგეთი გადასცემს, ხოლო გამშვებ კომპლექსებს - იტალია.
Samp-T-ს ერთ ბატარეაში შედის: შორი და ახლო მოქმედების რადარები, მართვის პუნქტი, 4 გამშვები დანადგარი, 2 სატრანსპორტო-დამტენი მანქანა.
კომპექლსის რაკეტის მოქმედების რადიუსი თვითმფრინავების წინააღმდეგ 3-დან 100 კმ-მდეა, ბალისტიკური რაკეტების - 3-დან 25 კმ-მდე.