ჯო ბაიდენი: ჩემი ვარაუდით, პუტინი უკრაინაში შეიჭრება

 

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ჯო ბაიდენმა საკუთარი პრეზიდენტობის პირველი წელი შეაჯამა, განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრება, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მან მოსალოდნელ სანქციებზე, ვლადიმერ პუტინი წინასწარ გააფრთხილა. 

"მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მან [პუტინი] ზუსტად იცის, თუ რა უნდა. ჩემი ვარაუდით, ის შეიჭრება, მან რაღაც უნდა გააკეთოს. პუტინი ცდილობს, რომ მონახოს საკუთარი ადგილი დასავლეთსა და ჩინეთს შორის" - განაცხადა ბაიდენმა, უკრაინის წინააღმდეგ პუტინის მიერ დაგეგმილი აგრესიის შესახებ. 

აშშ-ს პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ გასული ორი შეხვედრის დროს, მან ნათლად აუხსნა პუტინს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აქამდე არნახული ზიანის მომტანი ეკონომიკური სანქციები დაუწესდება. 

"ჩვენი მოკავშირეები მზად არიან, რომ რუსეთს მძიმე ხარჯები დააკისრონ და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ რუსულ ეკონომიკას"  

ბაიდენმა ასევე განმარტა, რომ ეკონომიკური სანქციების სიმკაცრე, პუტინის მიერ დაგეგმილი აგრესიის ხარისხზე იქნება დამოკიდებული. ერთია, თუკი რუსები შედარებით მცირე მასშტაბის აგრესიას განახორციელებენ, ხოლო სრულმასშტაბიანი შეჭრა "რუსეთისთვის სრული კატასტროფა იქნება."

__________________________________

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება, ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. შეხვედრა ჟენევაში გაიმართება. 

"ის ფაქტი, რომ მხარეები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდებიან გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ დიპლომატია ჯერ არ მომკვდარა",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ლავროვთან შეხვედრამდე სახელმწიფო მდივანი 19 იანვრის დილით უკრაინაში სპეციალური ვიზიტით ჩავიდა. უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის გარდა, ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდება. 

13 იანვარს, რუსეთს, აშშ-ს, ნატოსა და ეუთოს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

მოლაპარაკებების მთავარი თემა რუსეთის მიერ დასავლეთისთვის წაყენებული მოთხოვნები იყო - კრემლი ითხოვდა გარანტიებს, რომ ნატო აღარ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით, შეზღუდავდა სამხედრო ძალის და შეიარაღების რაოდენობას რუსეთის საზღვრის მიმდებარედ და ბათილად გამოაცხადებდა 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. 

უფრო მეტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. 

 

 

მსგავსი სიახლეები