ჯონსონი: აგრესიის შემთხვევაში ბრიტანეთში რუსულ ქონებას გავაშიშვლებთ
უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში ბრიტანეთმა შესაძლოა რუსულ კერძო და სახელმწიფო კომპანიებს აუკრძალოს ინვესტიციების მოზიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ამავდროულად, მიიღოს მკაცრი ზომები რუსეთის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ბრიტანეთში უძრავ ქონებას ფლობენ.
ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
ჯონსონის თქმით ბრიტანული სანქციები შეეხება კონკრეტულ რუსულ კომპანიებს და ბანკებს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ბრიტანეთის ხელისუფლება გეგმავს იმ პირების სრული ჩამონათვალის დადგენას და გასაჯაროებას, რომლებიც ლონდონსა და ბრიტანეთის სხვა ქალაქებში უძრავ ქონებას ფლობენ.
"ჩვენ გავაშიშვლებთ რუსულ ქონებას ბრიტანეთში - იქნება ეს უძრავი ქონება, კომპანიები თუ სხვა ტიპის აქტივები." - ამბობს ბორის ჯონსონი.
_________________________________________________
BBC-ის ეთერში ფორინ ოფისის ხელმძღვანელმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში დასავლეთის შესაძლო სანქციებზე საუბრისას განაცხადა, რომ სანქციების სამიზნე შესაძლოა გახდეს რუსეთის ფინანსური დაწესებულებები, ენერგეტიკული და ნებისმიერი სხვა ტიპის კომპანიები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ხელისუფლებას.
"ამ დროისთვის, კანონმდებლობით სანქციების არეალი შეზღუდულია, ის შეიძლება შეეხოს მხოლოდ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები უკრაინის დესტაბილიზაციაში. ჩვენ გვსურს იმგვარად გავაფართოოთ არეალი, რომ სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს კრემლისთვის ფასეული და საინტერესო ნებისმიერი კომპანია. ჩვენ გვინდა, რომ პუტინის ოლიგარქებს და მათ კომპანიებს არსად ჰქონდეთ დასამალი სანქციებისგან."- თქვა თრასმა.
ამასთანავე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არ გამორიცხა, რომ მათ შორის სანქციები შესაძლოა შეეხოს ლონდონში რუსი ოლიგარქების კუთვნილებაში არსებულ უძრავ ქონებასაც.
მისივე განმარტებით, ბრიტანეთის მიზანია დესტაბილიზაციაში მონაწილე ყველა პირმა იცოდეს, რომ არავინ იქნება დაცული სანქციებისგან.