ჯონსონი ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ: უპირველეს ყოვლისა, ამერიკის საჭიროებებზე უნდა ვიზრუნოთ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა, 27 თებერვალს, თეთრ სახლში, კონგრესის სხვა ლიდერებთან და პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის აგრძელებს საზღვრის უსაფრთხოების საკითხისთვის პრიორიტეტის მინიჭებას.

ჯონსონის თქმით, თეთრ სახლში მან მონაწილეობა მიიღო კონგრესის ყველა ლიდერთან ერთობლივ შეხვედრაში და ასევე ცალკე ისაუბრა ბაიდენთან.

"როდესაც აქ მოვედი, ჩემი მიზანი იყო გამომეთქვა ის, რისიც მე მჯერა, რომ აშკარა ჭეშმარიტებაა: ჩვენ უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში ამერიკის საჭიროებებზე და პირველ რიგში ჩვენს ღია საზღვრებზე," - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ქვედა პალატის მუშაობის კიდევ ერთ პრიორიტეტად რესპუბლიკელმა ფედერალური მთავრობის დაფინანსების გაგრძელება დაასახელა. მან დასძინა, რომ შეხვედრის მონაწილეები "ძალიან ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი" და იმედოვნებდნენ, რომ შეთანხმებას მიაღწევდნენ, რათა თავიდან აიცილონ სამთავრობო კრიზისი.

განცხადების დასასრულს ჯონსონმა ასევე გაიხსენა დამატებითი დაფინანსების კანონპროექტის განხილვა, რომელიც მოიცავს უკრაინის დახმარებას.

"მე ნათლად ვუთხარი პრეზიდენტს და დანარჩენ დამსწრეებს, რომ წარმომადგენელთა პალატა აქტიურად სწავლობს ყველა შესაძლო ვარიანტს და ჩვენ ამ საკითხს დროულად განვიხილავთ. საზღვარი და მისი უსაფრთხოება," - აღნიშნა მან. 

კონგრესის ქვედა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მხარს არ უჭერს სენატში მიღწეულ ორპარტიულ შეთანხმებას, რომელიც უკრაინის, ტაივანის და ისრაელის დახმარებას, ასევე სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებას მოიცავს.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინამ შეერთებულ შტატებსა და კონგრესს უთხრა, რომ ერთი თვის განმავლობაში უნდა დაამტკიცონ მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტი.

აშშ-ის შიდა შეფასებით, გაზაფხულზე უკრაინას საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების "კატასტროფული" დეფიციტი შეექმნება.

მსგავსი სიახლეები