ჯონსონი: ბრიტანეთი უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გადაცემას განიხილავს
ბრიტანეთი უკრაინისთვის დამატებითი თავდაცვითი დახმარების გაგზავნას განიხილავს. ამის შესახებ 21 თებერვალს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯონსონმა "სერიოზული შეშფოთება" გამოთქვა რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო და ზელენსკის უთხრა, რომ მისი აზრით, "უახლოეს საათებსა და დღეებში რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრა სავსებით შესაძლებელია".
"პრემიერმა მკაცრად დაგმო კრემლის გადაწყვეტილება ლუჰანსკისა და დონეცკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ და თქვა, რომ ეს ნაბიჯი მინსკის შეთანხმებას და მოლაპარაკებების პროცესს ანადგურებს." - ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანეთის პრემიერმა ზელენსკის ასევე უთხრა, რომ ბრიტანეთმა "უკვე შეიმუშავა სანქციები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში მონაწილე პირების წინააღმდეგ" და ეს ზომები ძალაში 22 თებერვალს შევა.