ჯონსონმა საზღვრის დაცვის კანონპროექტს, რომელიც უკრაინის დახმარებას მოიცავს, "მკვდარი" უწოდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ სენატის სასაზღვრო კანონპროექტი, რომელიც მოიცავს უკრაინის დახმარებას, ქვედა პალატაში ვერ გავა.

ამის შესახებ The Hill წერს.

"მინდა შემოგთავაზოთ მოკლე განახლება დამატებითი პაკეტისა და საზღვრის შესახებ, რადგან, როგორც ჩანს, სენატს არ შეუძლია რაიმე შეთანხმების მიღწევა. თუ ჭორები კანონპროექტის შინაარსის შესახებ სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ის კვლავ მკვდარი იქნება წარმომადგენელთა პალატაში მისვლისას," - თქვა ჯონსონმა კოლეგებისადმი მიწერილ წერილში.

ჯონსონმა თქვა, რომ ის ხშირად განიხილავს საზღვრის საკითხს ყოფილ პრეზიდენტ ტრამპთან, რომელმაც ბაიდენის ჩავარდნა საზღვარზე არალეგალი მიგრანტების შეკავების საკითხში, 2024 წლის კამპანიის ცენტრალურ ნაწილად აქცია.

სენატის უმცირესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა მიჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე უკრაინის დაფინანსებისა და სასაზღვრო შეთანხმების შესახებ სენატორებს უთხრა: "ჩვენ არ გვინდა რამე ისეთი გავაკეთოთ, რაც ტრამპს ხელს შეუშლის."

გავრცელებული ცნობებით, სენატში დამტკიცების შემთხვევაში, კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცების პერსპექტივა არ ჰქონდა.

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გამოთქვა რწმენა, რომ აშშ-ის კონგრესი დაამტკიცებს უკრაინის დამატებით დაფინანსებას, მიუხედავად ორი მხარის წარმომადგენლებს შორის მიგრაციის საკითხში არსებული უთანხმოებისა.

მედიის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მთავარმა თანაშემწეებმა კონგრესში გამართულ დახურულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების დამტკიცების გარეშე, ფრონტზე შესაძლებელია მნიშვნელოვანი სირთულეები წარმოიშვას.

პროექტი ითვალისწინებს 60 მილიარდ დოლარზე მეტს უკრაინის მხარდასაჭერად, 14 მილიარდ აშშ დოლარს ისრაელისთვის და იგივე თანხას სამხრეთ საზღვარზე არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მსგავსი სიახლეები