ჯორჯ ბუში: ამერიკელებს ვინმემ უნდა აუხსნას, რატომ არის უკრაინა ასეთი მნიშვნელოვანი

შეერთებული შტატები უკრაინას მხარს დაუჭერს მანამ, სანამ ის ყველა რუს ოკუპანტს არ განდევნის თავისი მიწიდან. ამის შესახებ 10 სექტემბერს, კიევში, იალტის ევროპული სტრატეგიის მე-18 შეხვედრაზე ამერიკის 43-ე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა.

ექს-პრეზიდენტის თქმით, როდესაც ადამიანები თავიანთი თავისუფლებისთვის იბრძვიან, ეს "მხარდაჭერის დამატებით სტიმულს იძლევა."

"არ ვიცი, იქნება თუ არა ეს მხარდაჭერა მდგრადი. პირველი, რაზეც უკრაინამ უნდა იზრუნოს, რათა შეერთებული შტატების მხარდაჭერა უზრუნველყოს, არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან ჩვენ ამაზე ვხარჯავთ ფულს და ბევრი ამერიკელი გაღიზიანებულია, თუ ფული სხვის ჯიბეში მიდის, რუსეთთან ბრძოლის ნაცვლად." - აღნიშნა ჯორჯ ბუშმა. 

"ვინმემ ამერიკელებს უნდა აუხსნას, რატომ არის უკრაინა ასეთი მნიშვნელოვანი. თუ უკრაინა დაეცემა, რა ბედი ეწევა პოლონეთს, რუმინეთს, ლატვიას ან ლიეტუვას?" - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონმა კიევს მშვიდობის იდეა თავს არ უნდა მოახვიოს.

"ჩვენ შეგვიძლია კონსულტაციები, შეგვიძლია გავუზიაროთ ჩვენი აზრი, მაგრამ არ შეიძლება უკრაინას თავისი ტერიტორიის ნაწილის აგრესორისთვის დათმობა მოვთხოვოთ." - დაასკვნა ჯორჯ ბუშმა.

მსგავსი სიახლეები