კადიროვის 20 წლის შვილმა ახმატ კადიროვის ორდენი მიიღო
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მესამე ქალიშვილს, ხუტმატ კადიროვას, რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, ახმატ კადიროვის ორდენი გადაეცა. ამ ინფორმაციას Эхо Кавказа ავრცელებს.
20 წლის ჯანდაცვის კურატორმა "უზარმაზარი წვლილი შეიტანა რეგიონში მედიცინის განვითარებაში", - თქვა ახმედ დუდაევმა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრესის საქმეთა მინისტრმა.
კონკრეტულად რა იყო ეს წვლილი - ოფიციალური პირი არ აკონკრეტებს.
"ის ღირსეულად წარმოადგენს მის დიდებულ ოჯახს," - წერს დუდაევი კადიროვის ქალიშვილის დაჯილდოების შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მანამდე ახმატ კადიროვის სახელობის ორდენი ხუტმატის უფროსმა დამ, გროზნოს მერიის სკოლამდელი აღზრდის განყოფილების 22 წლის უფროსმა ხადიჟატ კადიროვამ, ასევე 24 წლის კულტურის მინისტრმა აიშატ კადიროვამ მიიღეს.
ხუტმატ კადიროვა რეგიონის ჯანდაცვის კურატორის თანამდებობაზე მარტში დაინიშნა. 2022 წლის თებერვლიდან ის რამზან კადიროვის სამდივნოს უფროსის მოადგილეა. მანამდე ის გროზნის დელფინარიუმის გასართობი კომპლექსის დირექტორი იყო.