კანადა და ევროპის კავშირი თანამშრომლობას აღრმავებენ

24 ნოემბერს კანადის ქალაქ სენტ-ჯონსში გამართულ სამიტზე, კანადისა და ევროპის კავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მწვანე ენერგიის, ციფრული ტრანსფორმაციისა და კვლევების დაფინანსების მიმართულებით ახალ პარტნიორობას იწყებენ. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებითი მოლაპარაკებები დასრულებულია და ისინი მის „სწრაფ ხელმოწერასა და განხორციელებაზე“ მუშაობენ.

„ჩვენ, კანადისა და ევროპის კავშირის ლიდერები შევხვდით დღეს სენტ-ჯონსში, ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის შტატში, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა, რომ გამოვიყენოთ ჩვენი დროის შესაძლებლობები და ვუპასუხოთ მწვავე გამოწვევებს. ჩვენი საერთო ღირებულებებისა და საერთო ინტერესების განსახორციელებლად ამ რთულ, კონკურენტუნარიან და არაპროგნოზირებად სამყაროში ერთობლივი მუშაობა ახლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ერთად მტკიცედ ვდგავართ მსოფლიოში, მათ შორის უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად“ - ევროპის კავშირის და კანადის სამიტი 2023, ერთობლივი განცხადება.

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ აღნიშნა, რომ კანადა „ჰორიზონტ ევროპას“95.5 მილიარდი დოლარის ღირებულების კვლევებისა და ინოვაციების პროექტს, უერთდება. „ჰორიზონტ ევროპის“ მიზანი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა და ევროპის კავშირის კონკურენტუნარიანობის ზრდაა.

კანადამ და ევროპის კავშირმა „მწვანე ალიანსის“ შექმნის შესახებაც განაცხადეს, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაკარგვის პროცესის შეჩერებას და კლიმატის ცვლილების საკითხში ტექნოლოგიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს. 

„მწვანე ალიანსი“ კანადასა და ევროპის კავშირს შორის "ევროპის მწვანე შეთანხმების“ ფარგლებში გაფორმებული ყოვლისმომცველი თანამშრომლობის შეთანხმებაა.

კანადისა და ევროპის კავშირის მწვანე ალიანსი „ევროპის მწვანე შეთანხმების“ ფარგლებში დადებული მე-3 შეთანხმებაა. პირველი ასეთი შეთანხმება ევროპულმა გაერთიანებამ 2021 წლის მაისში იაპონიასთან, ხოლო მეორე ხელშეკრულება 2023 წლის აპრილში ნორვეგიასთან გააფორმა.

 

მსგავსი სიახლეები