კანადა: უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებზე რუსი ტექნოკრატებიც აგებენ პასუხს
რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნები უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებებზე პასუხს აგებენ, განაცხადა კანადის ფინანსთა მინისტრმა ქრისტია ფრილანდმა დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრების სამიტზე.
„ომის დანაშაულს მხოლოდ გენერლები არ ჩადიან, ომის წარმოებას ხელს სწორედ ეკონომიკური ტექნოკრატები უწყობენ“, - ასე მიმართა ფრილანდმა რუსეთის დელეგაციის წევრებს.
ბალიზე გამართულ სამიტში, რომელსაც მსოფლიოს ოცი უმსხვილესი ეკონომიკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ტიმურ მაქსიმოვი მონაწილეობდა.
რუსეთის დელეგაციას მკაცრი განცხადებით მიმართა აშშ-ს ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმაც.
„თქვენც იზიარებთ პასუხისმგებლობას იმ ადამიანების სიცოცხლეზე, რომლებიც ამ ომმა შეიწირა“, - განაცხადა იელენმა.