კანადამ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა დომინიკ ლებლანმა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
ამის შესახებ BBC წერს.
გუშაგთა კორუპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად დასახელების გამოცხადებისას, ლებლანმა თქვა, რომ კანადის მთავრობა "უზრუნველყოფს, რომ არ არსებობდეს იმუნიტეტი ირანის უკანონო ქმედებებისთვის და ტერორიზმის მხარდაჭერისთვის."
კანადამ ასევე ტერორისტების სიაში "ყუდსის" ძალები, გუშაგთა კორპუსის სპეციალური დანიშნულების სამხედრო ნაწილი დაამატა.
კანადის მთავრობის გადაწყვეტილება მოჰყვა პარლამენტის და ასევე 2020 წლის იანვარში თეირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ახლობლების ზეწოლას.
მაისში კანადის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას.
ოტავამ უკვე აუკრძალა ათიათასობით ირანელ ოფიციალურ პირს, კერძოდ გუშაგთა კორპუსის წამყვან წევრებს ქვეყანაში შესვლა.
2020 წლის იანვარში თეირანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, რომელიც ირანული რაკეტით ჩამოაგდეს, კანადის 85 მოქალაქე დაიღუპა.
გასულ ზაფხულს კანადამ, შვედეთმა, უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ირანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში.