კატარი სირიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას იწყებს

კატარმა იორდანიის გავლით სირიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დაიწყო, რათა მოაგვარის ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტის პრობლემა.
ამ ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო QNA ავრცელებს.
ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში კატარმა თქვა, რომ ინიციატივა იორდანიასთან გაფორმებული შეთანხმების ნაწილია და გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით განხორციელდება.
კატარი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მიწოდებას, რომელიც ყოველდღიურად 400 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და სირია თანდათან გაზრდის წარმოებას.
ელექტროენერგიას სირიის რამდენიმე ქალაქი მიიღებს, მათ შორის დედაქალაქი დამასკო, რიფ დიმაშკი, ას სუვეიდა, დარაა, ჰომსი, ჰამა და ა.შ.
"ეს ინიციატივა წარმოადგენს გადამწყვეტ ნაბიჯს სირიელი ხალხის ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და ასახავს ყველა მხარის ერთობლივ ვალდებულებას, ერთად ვიმუშაოთ რეგიონის საკეთილდღეოდ," - თქვა ფაჰად ჰამად ჰასან ალ-სულაიტმა, რომელიც კატარის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობს.
სირიის ახალ ხელისუფლებას უჭირს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მას შემდეგ, რაც დეკემბერში ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დაამხეს და ქვეყნის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი 13 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომის შედეგად დაზარალდა.
წარსულში დამასკო ელექტროენერგიის წარმოებისთვის საჭირო ნავთობის დიდ ნაწილს ირანიდან იღებდა, მაგრამ მისი მიწოდება ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ შეწყდა.