ხამენეის მრჩეველი ისრაელზე "ჰამასის" შეტევაზე: საამაყო ოპერაციაა

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის უფროსი მრჩეველი მხარს უჭერს "ჰამასის" ისრაელზე თავდასხმას და მას "საამაყო ოპერაციას" უწოდებს.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ "ალ-აქსას წყალდიდობის" საამაყო ოპერაციას," - თქვა იაჰია რაჰიმ საფავიმ თეირანში პალესტინელი ბავშვების მხარდასაჭერად გამართულ შეხვედრაზე.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ოპერაციას და დარწმუნებული ვართ, რომ წინააღმდეგობის ფრონტი ასევე მხარს უჭერს ამ საკითხს," - ამბობს საფავი, რომელიც ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის უფროსი გენერალია.

მისი თქმით, ის პალესტინელ ტერორისტებს "პალესტინისა და იერუსალიმის განთავისუფლებამდე" დაუჭერს მხარს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ნასერ კანანი ასევე მიესალმა პალესტინის ტერორისტულ თავდასხმას ისრაელზე.

"დღევანდელმა ოპერაციამ ახალი ფურცელი გადაშალა ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისა და შეიარაღებული ოპერაციების სფეროში," - ამბობს ის. "წინააღმდეგობამ ამ ოპერაციის დროს ბრწყინვალე გამარჯვებებს მიაღწია და ეს არის ნათელი წერტილი სიონისტების წინააღმდეგ პალესტინის ხალხის ბრძოლის ისტორიაში."

საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით, შაბათს, პარლამენტის სესიაზე ირანელი დეპუტატები სკანდირებდნენ "ძირს ისრაელი" და "ძირს ამერიკა." 

კონტექსტი

შაბათს დილით, პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" ისრაელზე მასშტაბური სახმელეთო და სარაკეტო შეტევა დაიწყო.

ყველასთვის მოულოდნელად, "ჰამასის" მებრძოლებმა ბლოკადაში მყოფი ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე ისრაელის ბლოკპოსტები გაარღვიეს და სამხრეთ ისრაელში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ.

პარალელურად დაიწყო სარაკეტო შეტევაც. სხვადსხვა ცნობებით, ისრაელის მიმართულებით გაისროლეს 5000-დან 7000-მდე რაკეტა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა მინიმუმ 40 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 700-ზე მეტია.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია.

მსგავსი სიახლეები