ომის თავიდან აცილების ბოლო შანსი - ომანში აშშ-სა და ირანის მოლაპარაკებები დაიწყო

რეგიონში ამერიკის მზარდი სამხედრო კონცენტრაციის ფონზე ომანის დედაქალაქში დაიწყო მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებისა და ირანის წარმომადგენლებს შორის - განხილვის მთავარი თემა ირანის ბირთვული პროგრამაა. 

ვითარების არსი: მასკატში მიმდინარე შეხვედრა ირან-აშშ-ს პირველი მოლაპარაკებებია გასული წლის მაისის შემდეგ - შეთანხმების წინა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და საბოლოოდ 12-დღიან ომში ვაშინგტონის ჩართვით და ისლამური რესპუბლიკის ბირთვული ობიექტების დაბომბვით დასრულდა. 

  • თეთრ სახლში ამბობენ, რომ პრეზიდენტს დღევანდელი შეხვედრით სურს გაიგოს შესაძლებელია თუ არა შეთანხმება საერთოდ და განმარტავენ, რომ დონალდ ტრამპს დიპლომატიის გარდა არაერთი არჩევანი აქვს. 

  • არაერთი კომენტატორის აზრით, ირანსა და აშშ-ს შორის არსებული დაძაბულობის დონე უპრეცედენტოდ სარისკოა ისლამურ რესპუბლიკის არსებობის 47-წლიან ისტორიაში. 

დაეწიე ამბავს: მიმდინარე მოვლენებს წინ უსწრებდა ირანში მიმდინარე მასშტაბური პროტესტები, რომელსაც ტრამპმა რამდენიმეჯერ საჯაროდ დაუჭირა მხარი და დემონსტრანტებს დახმარებასაც დაჰპირდა. 

  • მოგვიანებით, ამერიკელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ შეწყვიტა დაკავებული დემონსტრანტების სიკვდილით დასჯა და სწორედ ეს დაასახელა ირანზე საჰაერო დრტყმების გადადების მიზეზად. 

  • Wall Street Journal-ის წყაროების ცნობით, მთავარი მიზეზი რეგიონში არასაკმარისი სამხედრო კონცენტრაცია იყო - "პრეზიდენტს აუხსნეს, რომ იმ მომენტში შესაძლებელი დარტყმებთან დაკავშირებული რისკები ბევრად აღემატება პოტენციურ დადებით ეფექტს."

  • ამ დროიდან მოყოლებული რეგიონში მკვეთრად გაიზარდა ამერიკული საზღვაო ფლოტისა და ავიაციის კონცენტრაცია. 

  • საბოლოოდ რეგიონის ქვეყნების: თურქეთის, კატარისა, ეგვიპტისა და ომანის მედიაციით მხარეები შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელიც თავდაპირველად სტამბოლში იგეგმებოდა, თუმცა ბოლო მომენტში ირანის თხოვნის გამო ომანში გადაიტანეს. 

ჩაშლილად: ამერიკის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებლები პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და მისი სიძე ჯარედ კუშნერი იქნებიან - დელეგაციაშია ასევე, ადმირალი ბრედ კუპერი - ამერიკული ძალების სარდალი ახლო აღმოსავლეთში. 

  • ირანულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ხელმძღვანელობს. 

სტრიქონებს შორის: ვაშინგტონი თეირანისგან ითხოვს ბირთვული პროგრამის შეწყვეტას, უკვე გამდიდრებული ურანის მარაგებზე უარის თქმას, ასევე ბალისტიკური რაკეტების პროგრამის მკაცრად შეზღუდვას და რეგიონში პროქსი დაჯგუფებების მხარდაჭერის შეწყვეტას.

  • ირანის ოფიციალური პოზიციაა, რომ ჩამოთვლილი საკითხებიდან მოლაპარაკებები მხოლოდ ბირთვული პროგრამის პარამეტრებზეა შესაძლებელი. 

  • ჯერჯერობით რთულია სათქმელია, რამდენად შეძლებენ არაღჩი და უიტკოფი ამდენად დაშორებული პოზიციების დაახლოებას. 
  • გასულ კვირას სენატში გამართულ მოსმენებზე სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება აუცილებლად უნდა მოიცავდეს არამხოლოდ ბირთვული პროგრამის გაუქმებას, არამედ ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეზღუდვას და რეგიონული პროქსი დაჯგუფებებისა დაფინანსებისა და მხარდაჭერის შეწყვეტას. 

დიდი სურათი: თავის მხრივ, კომპრომისის მზაობას არც ირანული მხარე ავლენს - შეხვედრის დროისა და ადგილის არჩევაც მხარეებს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა. 

  • ირანელებმა უარი თქვეს მრავალმხრივ ფორმატზე, რომელიც სტამბულში უნდა გამართულიყო და რომელშიც მონაწილეობა რეგიონის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც უნდა მიეღოთ. 

  • ამ ფონზე იზრდება სამხედრო დაპირისპირების რისკიც - 5 თებერვალს ამერიკელებმა ჩამოაგდეს ირანული დრონი, რომელიც მათი თქმით, "სახიფათო მანძილზე" მიუახლოვდა ერთ-ერთ გემს. 

  • პარალელურად ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გემებმა ჰორმუზის სრუტეში ამერიკული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის შევიწროება სცადეს. 

კონტექსტი: რეგიონის კომენტატორების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღევანდელი შეხვედრისგან დიპლომატიური გარღვევა ნაკლებად მოსალოდნელია და უახლოეს პერიოდში სამხედრო დაპირისპირების მაღალი რისკი შენარჩუნდება. 

 

მსგავსი სიახლეები