Axios: აშშ-მა ირანს აცნობა, რომ მზად არის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წარმომადგენლებს რამდენიმე დახურული საკომუნიკაციო არხით აცნობა, რომ მზად არის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის.

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Axios ავრცელებს. 

  • წყაროების ცნობით თურქეთის, კატარის და ეგვიპტის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ ირანისა და აშშ-ს წარმომადგენლების შეხვედრის ორგანიზებაზე, რომელიც მომდევნო დღეებში შესაძლოა ანკარაში გაიმართოს. 

  • "გარკვეული პროგრესი გვაქვს, მაქსიმუმს ვაკეთებთ"- ამბობს გამოცემის ერთ-ერთი წყარო. 
  • Axios-ის ამერიკელი წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპის განცხადებები ირანთან შეთანხმების მზაობის შესახებ არ არის ბლეფი, მაგრამ ადმინისტრაციაში საეჭვოდ მიაჩნიათ, რომ ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერი მზად არის რეალური დათმობებისთვის. 

კულისებს მიღმა: ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით ამერიკულ ადმინისტრაციასთან ახლო კოორდინაციაში მუშაობენ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც საკვანძო როლი შეასრულეს ჰამას-ისრაელის ზავის შეთანხმებაში. 

  • 31 იანვარს თეირანში იმყოფებოდა კატარის პრემიერ-მინისტრი, მოჰამად ბინ აბდულრაჰმან ალ-თანი, სადაც ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანს, ალი ლარიჯანის შეხვდა. 

  • "დისკუსიები მოლაპარაკებების ფორმატის განსაზღვრის შესახებ წინ მიიწევს"- წერდა ლარიჯანი ალ-თანისთან შეხვედრის შემდეგ. 

ჩაშლილად: წყაროების ცნობით, ამერიკულ დელეგაციას სტივ უიტკოფი უხელმძღვანელებს - ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას შეხვედრაში ირანის მხრიდან. 

  • რეგიონული მედიების ცნობით, გასულ დღეებში გამართულ სატელეფონო საუბარში ეგვიპტის პრეზიდენტმა თავის ირანელ კოლეგას მოუწოდა დათანმხებოდა შეხვედრას. 

მეორე მხარე: პირველ თებერვალს აიათოლა ხომეინის მემორიალური კომპლექსში სიტყვით გამოსავლისას ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ "თავდასხმის შემთხვევაში ამერიკა ამჯერად რეგიონულ ომს მიიღებდა." 

  • ხამენეის არაფერი უთქვამს მოლაპარაკებების შესახებ. 

  • ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერის გამოსვლის კომენტირებისას ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ს ირანის მახლობლად "უძლიერესი არმადა" ჰყავს. 
  • "ვიმედოვნებ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, თუ ასე არ მოხდება გავიგებთ რამდენად მართალია"- თქვა ტრამპმა. 

დიდი სურათი: გასულ დღეებში ვაშინგტონში იმყოფებოდა ისრაელის გენშტაბის უფროსი, ეიალ ზამირი, სადაც თავის ამერიკელ კოლეგას, დენ კეინს შეხვდა - ვიზიტის მთავარი თემა ირანზე ამერიკის შესაძლო სამხედრო დარტყმები. 

  • ვიზიტის მიზანი იყო საპასუხო ზომების განსაზღვრა ირანის საპასუხო დარტყმების შემთხვევაში. 

კონტექსტი: პროცესები სპარსეთის ყურის მიდამოებში აშშ-ის სამხედრო ფლოტისა და ავიაციის კონცენტრაციის უპრეცედენტო ზრდის ფონზე მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები