ხარკივი მორიგ ჯერზე კამიკაძე-დრონების სამიზნე გახდა

4 აპრილს, დილით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჯამში 20 ერთეული Shaheed-ის ტიპის კამიკაძე-დრონი გამოიყენა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიხედვით, მათგან მხოლოდ 11 ერთეულის განეიტრალება მოხერხდა. 

ხარკივის ოლქის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, რომ სულ მცირე 15 კამიკაძე-დრონი იქნა გამოყენებული ქალაქის წინააღმდეგ. დრონებით შეტევა ინტერვალებით ხდებოდა. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიში 4 კამიკაძე-დრონით განხორცილდა. ქალაქის საოლქო პროკურატურის მიხედვით, თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი მძიმედ დაშავდა.

„ნოვობავარსკის უბანში დაფიქსირდა 4 კამიკაძე-დრონის მოხვედრა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, სავაჭრო პავილიონები, აფთიაქები, ავტომანქანები, სამედიცინო დაწესებულებები და ა.შ.“ - აცხადებს ხარკივის საოლქო პროკურატურა. 

უკრაინული მედიის მიხედვით, როდესაც სამაშველო ჯგუფები თავდასხმის წერტილებში მივიდნენ, შეტევა განმეორდა, რასაც, 3 მაშველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კონტექსტი

ბოლო თვეების განმავლობაში, ქალაქი ხარკივი რუსეთის მხრიდან სხვადასხვა საშუალებებით ინტენსიურად იბომბება. ძირითად სამიზნეებს ენერგეტიკული და სხვა სახის კრიტიკული ინფრატრუქტურა წარმოადგენს, თუმცა, ხშირია საცხოვრებელი შენობების დაზიანების შემთხვევები.

მსგავსი სიახლეები