ხერსონის ოლქში დეოკუპირებულია 46 დასახლება

ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 46 დასახლების დეოკუპაცია შეძლეს. ამის შესახებ 1 აგვისტოს ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი ბუტრიიმ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს ხერსონის ოლქში უკვე დეოკუპირებულია 46 დასახლება, უმეტესობა ჩრდილოეთით, დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვარზე და ცოტა სამხრეთით, მიკოლაივის ოლქის საზღვარზე", - თქვა ბუტრიიმ.

მისი თქმით, არის სოფლები, რომლებიც "პრაქტიკულად დანგრეულია", ნგრევის ხარისხი 90%-ია. ეს დასახლებები ყოველდღე დაბომბვის ქვეშაა, არ არის წყალი, გაზი და ელექტროენერგია, განაცხადა ბუტრიიმ. მან დასძინა, რომ ზოგიერთ მათგანში ხალხი კვლავ რჩება, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა წავიდა.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოქალაქეებს "რეგიონის განთავისუფლებამდე უფრო უსაფრთხო ტერიტორიებზე" ევაკუაციისკენ მოუწოდა.

"ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხალხი ელოდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და განთავისუფლებას", - განაცხადა ბუტრიიმ.

მსგავსი სიახლეები