კიევში ვიზიტით იმყოფებიან დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრები
კიევში ვიზიტით იმყოფებიან დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრები.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი, გრანტ შაპსი უკვე შეხვდა პრეზიდენტ ზელენსკის, ეს თავდაცვის მინისტრის რაგნში შაპსის პირველი ვიზიტია უკრაინაში.
"მნიშვნელოვანი შეხვედრა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანთან. მადლობა მოცულობითი ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის. სამხედრო სფეროში ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენი ჯარისკაცების შესაძლებლობებს ბრძოლის ველზე",- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ განიხილებოდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების ზრდა, "რაც ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად განსაკუთრებით აქტუალურია."
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კიევს ვიზიტით ეწვია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნო. მინისტრის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
უკრაინული წყაროების ცნობით, ლეკორნოსთან შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდება საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, დრონებსა და საარტილერიო ჭურვებზე.