კიევზე შესაძლო მასირებული საჰაერო იერიშის გამო, აშშ საელჩოს ერთი დღით ხურავს

კიევში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, მათ მიიღეს "კონკრეტული ინფორმაცია" რუსეთის მხრიდან კიევზე შესაძლო მასირებული საჰაერო თავდასხმის შესახებ, რის გამოც, 20 ნოემბერს საელჩო მუშაობას წყვეტს და საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, საჰაერო განგაშის გამოცხადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადავიდნენ თავშესაფრებში.

"აშშ-ს საელჩომ კიევში მიიღო "კონკრეტული ინფორმაცია" 20 ნოემბერს შესაძლო მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შესახებ. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე საელჩო დაიხურება. საელჩოს თანამშრომლებმა მიიღეს თავშესაფარში დარჩენის ინსტრუქციები" - ვკითხულობთ აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

კიევში აშშ-ის საელჩოს განცხადებიდან მალევე, საელჩოების მუშაობა ერთი დღით შეაჩერა ესპანეთმა, იტალიამ და საბერძნეთმა.

რუსეთი არ აკეთებს განცხადებას კიევზე შესაძლო საჰაერო თავდასხმაზე. კრემლის პრეს-სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, "საკითხი დაკავშირებულია სსო-სთან [სპეციალური სამხედრო ოპერაცია]" და წარმოადგენს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივას".

უკრაინული ტელეგრამ არხები იუწყებიან, რომ კიევზე რუსეთის მხრიდან შესაძლო საჰაერო თავდასხმაში, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება RS-26 Rubezh-ის ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტაც. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასროლა ასტრახანის ოლქიდან უნდა განხორციელდეს.

კიევზე შესაძლო მასირებული საჰაერო თავდასხმის საფრთხე დროში ემთხვევა აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხრიდან უკრაინისთვის უფლებას მიცემას, გამოიყენოს დასავლური ფრთოსანი/ბალისტიკური რაკეტები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში არსებულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისთვის.

გუშინ, 19 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქში 8 ერთეული ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებით საბრძოლო მასალის საწყობი დაბომბა.

მსგავსი სიახლეები