კიშიდა: იაპონია უკრაინას $500 მილიონის დახმარებას გადასცემს
იაპონია 30 მილიონ აშშ დოლარს ნატოს ნდობის ფონდში ჩარიცხავს, რომლითაც უკრაინისთვის გადასაცემ არალეტალურ აღჭურვილობას შეიძენენ. ასევე კიევს დამატებით 470 მილიონი აშშ დოლარის საგრანტო დახმარებას გაუწევს ენერგეტიკის სექტორისა და სხვა ინდუსტრიებისთვის.
ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ 21 მარტს, კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ამავდროულად, იაპონია უკრაინას სსხვადასხვა მიმართულებით უწევს დახმარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა განაღმვა, მაუწყებლობა, განათლება, საჯარო ადმინისტრირების გაძლიერება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ისე, როგორც იაპონიას შეუძლია." - განაცხადა კიშიდამ.
მისი თქმით, ომის დაწყებიდან იაპონიამ უკრაინას დაახლოებით 7.1 მილიარდი დოლარის დახმარება გადასცა.
ზელენსკისთან შეხვედრამდე იაპონიის პრემიერ-მინისტრი ეწვია ბუჩას, სადაც რუსმა ოკუპანტებმა მოსახლეობა განსაკუთრებული სისასტიკით დახოცეს და აღნიშნა, რომ იაპონია შეეცდება უკრაინაში მშვიდობა აღადგინოს.
ზელენსკიმ თქვა, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრის მოწვევით მაისში, ჰიროშიმას G7-ის სამიტში მონაწილეობას ონლაინ ფორმატში მიიღებს.