კლიჩკო: კიეველთა ორი მესამედი უკვე დაბრუნდა დედაქალაქში
კიეველების ორი მესამედი უკვე დაბრუნდა სახლებში, მაგრამ ხელისუფლება კვლავ ურჩევს მოქალაქეებს დედაქალაქში დაბრუნების გადადებას სარაკეტო თავდასხმების საფრთხის გამო. ამის შესახებ 13 აპრილს ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
"ჩვენ ვეყრდნობით სამხედროების რეკომენდაციებს და ისინი ამბობენ, რომ საფრთხე საკმაოდ დიდია. ჯერ კიდევ არსებობს სარაკეტო თავდასხმის დიდი საფრთხე. კიდევ ერთი საფრთხეა რეგიონის მიმდებარე ტერიტორიების განაღმვა, სადაც, სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანი უკვე დაიღუპა აფეთქებების შედეგად", - განაცხადა კლიჩკომ.
მან აღნიშნა, რომ დედაქალაქის კომუნალური დაწესებულებები ჩვეულ რეჟიმში მუშაობას უბრუნდებიან, თუმცა მათი ზოგიერთი თანამშრომელი ევაკუირებულია ან უკრაინის დამცველთა რიგებს შეუერთდა.
"კიეველების ორი მესამედი უკვე დაბრუნდა, ისინი ყოველდღე ბრუნდებიან, მიუხედავად რეკომენდაციებისა... არ იჩქაროთ: ქალაქში ჯერ არ მუშაობს ავტობუსის და ტროლეიბუსის ყველა მარშრუტი - მუშაობს ტროლეიბუსისა და ტრამვაის 11 მარშრუტი, ავტობუსების მარშრუტების მუშაობაც განახლდება. ეს იმის გამო ხდება, რომ კიევში ჯერ კიდევ არის საგუშაგოები და მიმდინარეობს შემოწმება", - განაცხადა მერმა.
კლიჩკო იმედოვნებს, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში მეტრო სრულფასოვან მუშაობას განაახლებს.